ახალი ამბები

“აბსოლუტურად უსაფუძვლოა” – წულუკიანი დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის ულტიმატუმზე

28 თებერვალი, 2020 •
“აბსოლუტურად უსაფუძვლოა” – წულუკიანი დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის ულტიმატუმზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” უწოდებს რუსეთის მიერ დეპორტირებულების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობად დასახელებულ არგუმენტებს.

საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლთათვის 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. რუსეთმა დაკისრებული კომპენსაცია სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში, 2019 წლის პირველ მაისამდე არ გადაიხადა. შესაბამისად, საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისაგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და დებატების გამართვა მოითხოვა. კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაუხადოს საქართველოს 10 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით.

რუსეთმა კომპენსაციის გადახდის პირობები წამოაყენა. კერძოდ, მოითხოვა დაზარალებულების სიის დაზუსტება, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის ზიანი მიადგათ და რა ოდენობის თანხა უნდა მიიღონ მათ.

თეა წულუკიანის თქმით, რუსეთი პროცედურულად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომპენსაცია არ გადაიხადოს.

“რუსეთი ამბობს, რომ 10 მლნ ევრო საქართველოს მე კი არ უნდა ჩავურიცხო, არამედ საქართველომ უნდა მითხრას, ამ თანხას რომ ჩავურიცხავ, ვისზე განაწილდება. ჩვენ მიერ წარდგენილ სიაზე ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ იქ ზოგიერთი ადამიანი არის მსხვერპლი, რომ ნამდვილად ეს თანხაა გადასახდელი და ა.შ. კარგია, რომ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტზე ჩვენ ვითხოვთ საჯარო დებატებს და ეს მოთხოვნა კმაყოფილდება. სულ რამდენიმე დღის წინათ მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ მისი ეს ვალდებულება გადახდასთან დაკავშირებით არის უპირობო. ის ვერავითარ პირობას − რომ გვარი არ მოსწონს, სახელი არ მოსწონს, სიის ოდენობა არ აკმაყოფილებს − ვერ დააყენებს და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ეს თანხა რაც შეიძლება მოკლე ვადაში ჩარიცხოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ გადასახდელ 10-მილიონიანს უკვე დიდი ხანია ერიცხება პროცენტები პირგასამტეხლოს სახით, რადგან, როგორც იცით, როდესაც მოპასუხე არ ჩარიცხავს თანხას, ეს თანხა საგრძნობლად იზრდება.

“ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჯერ რუსეთს დავის წაგება არ უნდოდა, არც იმის აღიარება უნდოდა, რომ დარღვევები იქნა ჩადენილი ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებით და ახლა არ უნდა, თანხა ჩარიცხოს და იყოს წაგებულის პოზიციაში. სხვა ახსნა ამას, უბრალოდ, არ აქვს. გასაკვირი, ალბათ, არაფერია, როდესაც ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. თანხაზე საუბარი მას არ სურს, მით უმეტეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგიდან წელს უკვე ველოდებით გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

ამ თემაზე:

დეპორტაცია ეთნიკური ნიშნით და არადამიანური პირობებით – 2006 წლის შემოდგომის მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი