ახალი ამბები

მეეჭვება, სასწავლო პროცესის აღდგენა 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ – გახარია

17 მარტი, 2020 • 7263
მეეჭვება, სასწავლო პროცესის აღდგენა 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი აზრით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის აღდგენა 26 აპრილამდეც სრულფასოვნად ვერ მოხერხდება. ამის შესახებ გახარიამ რ2-ის ეთერში ისაუბრა.

“სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ გეგმაში უნდა იყოს გაწერილი, როგორ ხდება გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენა. მან ასევე კომენტარი გააკეთა ონლაინ გაკვეთილებზე.

“ის, რომ ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და თავი არ მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ბავშვი რეგიონებში გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ, აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ”, – თქვა გახარიამ და დასძინა, რომ ზოგადადაც დისტანციური სწავლა სხვა სფეროა, რომელსაც თავისი სპეციფიკა და მომზადება ესაჭიროება.

17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა 34 ადამიანს, 1 000-ზე მეტი კი კარანტინში რჩება.

ამბის გაგრძელება

სწავლა შაბათს ან გაკვეთილების დამატება – როგორ აანაზღაურებენ სკოლები გაცდენილ სასწავლო დღეებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი