ახალი ამბები

ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

19 აგვისტო, 2015 • • 1413
ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

როგორც ნეტგაზეთს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი უნიკალურ ტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობად მიიჩნევა.

 

“ეს ურთულესი კომპლექსი 2012 წლამდე მსოფლიოს უდიდეს კაშხლად ითვლებოდა, ამჟამად ის ყველაზე დიდი ჰესია სამხრეთ კავკასიაში. მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს გააზრებული ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობა. ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნითაც კეთდება. იუნესკოს 39-ე სესიაზე, რომელიც წელს ჩატარდა, ინდუსტრიული ნაგებობების საკითხს არაერთი თემა მიეძღვნა. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წელს ევროპული კულტურული დღეების მთავარი თემაც ეს იქნება”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” კულტურის სამინისტროში. 

 

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, როგორც ცნობილი ხდება, ენგურჰესზე გარკვეული სამუზეუმო სივრცე – ვიზიტორთა ცენტრიც მოეწყობა. 

 

როგორც კულტურის სამინისტროში ამბობენ, 21 აგვისტოს ენგურჰესზე ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარდება. მას ორივე უწყების მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორი დაესწრებიან. ღონისძიების შემდეგ, როგორც კულტურის სამინისტროში განაცხადეს, სტუმრებისთვის მიღება გაიმართება. 

 

ნეტგაზეთმა- როგორც კულტურის, ასევე, ენერგეტიკის სამინისტროსგან- 21 აგვისტოს ღონისძიებებისა და მიღების ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 აგვისტოს გამოითხოვა. ენერგეტიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ ღონისძიებისთვის მათი სახსრებით მხოლოდ სიგელები დაიბეჭდება. კულტურის სამინისტროს ცნობით კი, ჯერ დაზუსტებული არ არის, რა რაოდენობის დაფინანსება დაჭირდება 21 აგვისტოს ღონისძიებებს და, შესაბამისად, ხარჯების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.


ენგურჰესის ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

Stitched Panorama
Stitched Panorama

მასალების გადაბეჭდვის წესი