ახალი ამბები

რა უფლებები იზღუდება პანდემიის დროს – ომბუდსმენის განმარტება

17 მარტი, 2020 • 2174
რა უფლებები იზღუდება პანდემიის დროს – ომბუდსმენის განმარტება

საქართველოს სახალო დამცველი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს შეეხება.

სახალხო დამცველის თქმით, პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომელიც გულისხმობს ისეთ ვითარებათა ერთობლიობას, როცა ირღვევა ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები და აშკარა საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს/ჯანმრთელობას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში მოქმედებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სამართლებრივი რეჟიმი, რომლებიც გარკვეული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. სახალხო დამცველის თქმით, შეზღუდვის მიზანი არის როგორც თავად უფლების სუბიექტის, ისე სხვათა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.

პანდემიის დროს, ომბუდსმენის თქმით, გადაწყვეტილებები მიიღება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ და მისი მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნების უზრუნველყოფა.

რა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს პანდემიის დროს?

სახალხო დამცველის თქმით, პანდემიის დროს განსაზღვრულია ყველა პირის ვალდებულება, არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს ან/და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას.

ასევე დადგენილია სამედიცინო პროცედურების ჩატარების ვალდებულება დაავადების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროებისას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს მოგვთხოვოს სამედიცინო შემოწმების გავლა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადამდები დაავადების მატარებლები ვართ და საფრთხეს შეიძლება ვუქმნიდეთ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პროცედურები განხორციელდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემით.

რა არის კარანტინი და იზოლაცია?

სახალხო დამცველის თქმით, პანდემიის დროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს საკარანტინო სივრცეებში (დაავადების დადასტურებამდე) პირთა მოთავსება ან მათი იზოლაცია (დაავადების დადასტურებისას).

საკარანტინო სივრცეებში მოთავსება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ არიან ავად, მაგრამ ჰქონდათ შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე ის პირები, რომლებიც დაბრუნდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის ქვეყნებიდან.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედებს ორი საკარანტინო ღონისძიება:

  • თვითიზოლაცია პირის მიერ დასახელებულ სივრცეში;
  • საკარანტინო სივრცეებში მოთავსება

სახალხო დამცველის თქმით, იზოლაცია არის ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას. ანუ იზოლაცია ხდება იმ პირის, რომელსაც დაუდგინდა შესაბამისი კორონავირუსი.

“ტერმინი „იზოლაცია“ არ უნდა ავურიოთ ტერმინ „თვითიზოლაციაში“. ეს უკანასკნელი საკარანტინო ღონისძიებაა და იმ პირის მიმართ გამოიყენება, რომელსაც ჰქონდა შეხება დაავადების გადამდებ შემთხვევასთან ან რომელიც დაბრუნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან”, – ამბობს ომბუდსმენი.

რამდენად აქვს პოლიციას უფლება იძულებით აღასრულოს საკარანტინო ღონისძიება?

სახალხო დამცველის თქმით, საკარანტინო ღონისძიებები სავალდებულოა, მისი პირობების დარღვევის ან მათზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელია იძულებით აღსრულების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რა შემთხვევაში იძლევა ინფექციური დაავადების გავრცელების გამო თავისუფლების შეზღუდვას?

ომბუდსმენის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ამ პირობებში თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ სახეზეა შემდეგი პირობები:

[checklist]

  • ინფექციურ დაავადებათა გავრცელება საშიში უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის
  • პირის თავისუფლების შეზღუდვა უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს დაავადების გასავრცელებლად, რადგან ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებები იქნა გამოყენებული და არ ჩაითვალა საკმარისად საჯარო ინტერესების უზრუნველსაყოფად

[/checklist]

როგორი პირობები უნდა იყოს საკარანტინო დაწესებულებაში?

სახალხო დმაცველის თქმით, თუ თვითიზოლაცია ხდება სახლის პირობებში, პირობების უზრუნველყოფის ვალდებულება არ ეკისრება სახელმწიფოს.  გამოყოფილ სივრცეში მოთავსებისას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები არიან პასუხისმგებელნი პირობების შექმნაზე.

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 თებერვლის #01-62/ო ბრძანება განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ გამოყოფილი საკარანტინო სივრცეები.

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის პროცესში დადგენილია შესაბამისი კვების, ოთახის მოწყობის და აუცილებელი საგნებით უზრუნველყოფის ვალდებულება. იზოლაციაში მყოფი პირები შეიძლება საჭიროებდნენ ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სპეციალურ ზრუნვას და მათთვის შეთავაზებული უნდა იყოს 24- საათიანი სატელეფონო სპეციალიზებული დახმარება. გამოყოფილ სივრცეში იზოლაციისას უნდა იქნას უზრუნველყოფილი ინტერნეტისა და მობილური კავშირის შესაძლებლობა. ხორციელდება კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურება საჭიროებისამებრ.

რამდენად შეიძლება გასაჩივრდეს კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილება?

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ისე საქართველოს კანონმდებლობა, ომბუდსმენის თქმით, იძლევა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს საკარანტინო ღონისძიებაში პირის სავალდებულოდ ჩართვას.

სახალხო დამცვლეის თქმით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების დროული ინფორმირება, ინფორმაციის საჯაროობა, მნიშვნელოვან მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და პროცესების გამჭვირვალობა.

შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, ომბუდსმენი თქმით, ეკისრებათ პასუხისმგებლობა დროულად, მკაფიოდ და ყველასათვის გასაგები ენითა და ფორმით მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას, მათ შორის, ინფორმაცია სრულად უნდა იქნას მისაწვდომი ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს. გთხოვთ, იხილოთ UNICEF-ის რჩევები ამ საკითხზე.

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?

სახალხო დამცველის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის.

ომბუდსმენის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეპიდემია. საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და ეს უკანასკნელი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შესაძლებელია (1) შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული გარკვეული უფლებები ან (2) შეჩერდეს კონსტიტუციის გარკვეული მუხლების მოქმედება.

“საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მოქალაქეთა გასახლება საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან და დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა, მოქალაქეთა შესვლის და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენა, თავისუფალი გადაადგილების, შეკრებების, მიტინგების, ტრანსპორტით გადაადგილებისა და მასობრივი ღონისძიების ჩატარების უფლების შეზღუდვა, კომენდანტის საათის დაწესება და სხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება”, – ამბობს ომბუდსმენი.

რა უფლებამოსილება აქვს სახალხო დამცველს ამ პროცესში

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომსაგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ აჩერებს ან ზღუდავს ომბუდსმენის უფლებამოსილებებს.

თუკი რომელიმე პირი ჩათვლის, რომ მისი უფლება ილახება, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის შეისწავლოს ამ ტიპის განცხადებები.

პარალელურად, ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი მუშაობს საკარანტინო სივრცეების მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მონიტორების უსაფრთხოება, სამედიცინო სერვისის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილება), სამომავლოდ ომბუდსმენი განიხილავს იმ ადგილების მონახულების ან/და კარანტინში მოთავსებულ პირებთან გასაუბრების შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად და ზედმიწევნით დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მითითებები და მოწოდებები, რათა საფრთხე არ შეექმნას სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას:

“განსაკუთრებით აღსანიშნავია მოწყვლადი კატეგორიები, რომელთათვისაც ვირუსს შეიძლება მომეტებულად უარყოფითი ეფექტი ჰქონდეთ. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად დაიცვან ადამიანის უფლებები პანდემიის პრევენციისა და მისი გავრცელების აღკვეთის პროცესში”, – ამბობს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი