მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს კრიტიკული რეზოლუცია, რომლის მიღებაც ხვალ, 24 ივნისს, იგეგმება, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც აქვთ პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ის ნარატივები, რაც არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში გაჟღერებული და მიღებული სხვადასხვა რეზოლუციების ფორმით. ეს არის ზუსტად, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობები. ეს ვნახეთ ჩვენ სხვადასხვა ინსტიტუტებში: ევროპარლამენტში მუდმივად ვხედავთ, ვხედავთ ევროპის საბჭოში, იყო მცდელობა, ეუთო-შიც გამოეყენებინათ – გახსოვთ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და ეს საკითხი აქტიურად განიხილება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, ძალიან ხშირად კეთდება ამაზე აქცენტი და ეს არის სრულიად მიუღებელი, როდესაც ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობის შერყევა სწორედ ასეთი მეთოდებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) იგეგმება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღება, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების — ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) ანგარიშზე.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის უწყვეტი ნგრევა სერიოზულ ეჭვს ბადებს ხელისუფლების მზადყოფნაზე, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ვალდებულებები და ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული პასუხისმგებლობები.

რეზოლუციის პროექტი მოითხოვს რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, მათ შორის ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ასევე გმობს მიმდინარე თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობაზე, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიაზე.
PACE-ში საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღება იგეგმება