სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ გადასვლის გამო პრეზიდენტის უფლებამოსილების დატოვების შესახებ” გამოაცხადა.

გაგლოევის თქმით, წინა დღეს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მას შესთაბაზა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობა და მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა.

„მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, – თქვა გაგლოევმა.

მისი განცხადებით, დღეიდანვე შეუდგება მუშაობას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება  სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარეს, მარატ კამბოლოვს.

გაგლოევმა მოსახლეობას მოუწოდა ახალი ხელმძღვანელობის გარშემო გაერთიანებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობის გაგრძელებისკენ.

„დღეს ჩვენი ამოცანაა, ავისრულოთ ჩვენი სანუკვარი ოცნება, დავძლიოთ გაყოფილი ხალხის ბედი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიდ რუსეთთან“.

რამდენიმე დღით ადრე გადადგა დე ფაქტო მთავრობა და პრემიერიც. ახალ პრემიერად მარატ კამბოლოვი 16 ივნისს დაამტკიცეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში გადასვლმადე ის მუშაობდა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში, სხვადასხვა პოზიციაზე. მათ შორის იყო რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე.

„მოსკოვი ცხინვალთან სრულ ინტეგრაციას ეტაპობრივად ამზადებს“ – ვანო აბრამაშვილი