საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ქართველი სამხედროების სახელით, რუსეთის წინააღმდეგ დავა მოიგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამი ქართველი სამხედროს – გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის წამებით მკვლელობას. ასევე, სხვა ქართველი სამხედროების – დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშივლის, იმედა კუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერი ზირაქაშვილის წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას თითოეული მოკლული და ნაწამები ქართველი სამხედროს ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა:

  • 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის ოჯახებს, რომელთა მიმართაც სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები – სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა;
  • 40 000 ევრო დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშივლის, იმედა კუტაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერი ზირაქაშვილის წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა – წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურადაა აღწერილი თითოეული მათგანის მიმართ რუსი და ოსი სამხედროების მიერ განხორციელებული ქმედებები.

კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ომის დროს 23 წლის იყო. ის მსახურობდა  IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონში უმცროს სერჟანტად. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი სახელით საჩივარი შეიტანეს ცოლმა, მაკა ჩიკვილაძემ და შვილებმა, ანა და გიორგი ანწუხელიძეებმა. გიორგი ანწუხელიძე ტყვედ აიყვანეს 9 აგვისტოს ცხინვალის მახლობლად წამებით მოკლეს.

2008 წლის 16 ნოემბერს საქართველოში გადაასვენეს აგვისტოს ომში დაღუპული რამდენიმე უცნობი სამხედროს ცხედარი. ამავე წლის დეკემბერში დნმ-ის ანალიზის საფუძველზე დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ცხედარი გიორგი ანწუხელიძისა იყო. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ 2009 წლის იანვარში გაიგო.

ამავე პერიოდში ინტერნეტში გავრცელდა ორი ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე იყო გამოსახული. ერთში ჩანს, რომ ის ღია ცის ქვეშ დასისხლიანებული იჯდა მიწაზე, ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. მას კითხვებს უსვამდნენ სამხედროები, რომელთაგან რამდენიმემ კისერზე დააბიჯა ფეხი და ზურგზე დაახტა, რათა ანწუხელიძეს მიწაზე ეკოცნა, პარალელურად კი მას აგინებდნენ. სამხედროები რუსულად და ქართულად (ოსური აქცენტით) საუბრობდნენ. მეორე ვიდეოში ანწუხელიძის სახე არ ჩანს. ჩანს მხოლოდ ის, როგორ მიათრევენ სამხედრო ფორმაში ჩაცმულები და მოკვლით ემუქრებიან (ოსურ ენაზე).

2009 წლის 29 იანვარს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ანწუხელიძის გარდაცვალების თარიღია 2008 წლის 9 აგვისტო.

შმაგი სოფრომაძე 2008 წლის ომის დროს 25 წლის იყო. მსახურობდა გორის სატანკო ბრიგადაში, უმცროსი სერჟანტის პოზიციაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი კანონიერი წარმომადგენლები იყვნენ მისი ცოლი, თეა ტაბატაძე და შვილები, გიგი ტაბატაძე და ზაზა სოფრომაძე.

კახაბერ ხუბულური 2008 წლის ომის დროს იყო 20 წლის. მსახურობდა სახმელეთო ჯარების მე-4, ვაზიანის ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი კანონიერი წარმომადგენელი იყო დედა, იზოლდა ხუბულური.

სოფრომაძე და ხუბულური ოსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს 9-11 აგვისტოს პერიოდში, ცხინვალის გარეუბანში, შემდეგ კი წამებით მოკლეს.

რაც შეეხება დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშივლს, იმედა კუტაშვილს, მალხაზ მელაძესა და კახაბერ ზირაქაშვილს, ხუბულურის მსგავსად, მსახურობდნენ ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე და 42-ე ბატალიონში. რუსმა და ოსმა სამხედროებმა ისინი დაატყვევეს და აწამეს 9-დან 19 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თამარ ონიანი, რომელიც წარმოადგენდა ქართველი სამხედროების ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოში, ამ გადაწყვეტილების შესახებ დეტალურად ისაუბრებს დღეს, 23 ივნისს, 15:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე.

ამავე თემაზე: