ახალი ამბები

რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა – გახარიას განმარტება

17 მარტი, 2020 • 2371
რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა – გახარიას განმარტება

დღეს, 17 მარტს, პრემიერმა გიორგი გახარიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ამ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ დღესდღეობით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, პრემიერმა თქვა, რომ ჯერჯერობით მთავრობას ვირუსთან ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი აქვს.

„საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას რაღაც ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც ამჟამად არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ.

რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. დღეს იმ შეფასებებითა და ობიექტური რეალობით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის.

ხვალ თუ დადგება – ამ გადაყწვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი ეფექტური ბრძოლისთვის გაგვაჩნია,  როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – ამბობს გახარია.

მანამდე პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში მიკროავტობუსების მოძრაობა ხვალიდან შეჩერდება. სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა ცენტრის ფუნქციონირებაც.

რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსს, 17 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირია.

სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

მასალების გადაბეჭდვის წესი