ახალი ამბები

Wizz Air ფრენებს ბუდაპეშტის გარდა ყველა მიმართულებით აჩერებს

16 მარტი, 2020 • 1260
Wizz Air ფრენებს ბუდაპეშტის გარდა ყველა მიმართულებით აჩერებს

Wizz Air-მა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2020 წლის 18 მარტიდან აჩერებს ფრენებს ყველა მიმართულებით, გარდა ქუთაისი – ბუდაპეშტის ხაზისა, 2020 წლის 3 აპრილამდე.

სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

კომპანიის თქმით, მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ და დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%.

როგორც კომპანია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს უხდის ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.


16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა რეგისტრირებული. მსოფლიოში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილია 5 700-ზე მეტი ადამიანი. ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 146 ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი