დღეს, 26 სქტემბერს, ტყიბულში მეშახტეთა პროტესტის მესამე დღემ ჩაიარა. დღის უმეტესი ნაწილი ტყიბულის მოქალაქეები, მათ შორის, შახტებში დასაქმებულებმა, ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქალაქის მერიასთან პლაკატებით გაატარეს.
პროტესტის ბოლო დღეს მეშახტეებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასგან დაპირება მიიღეს, რომ ხელფასებს რამდენიმე დღეში მიიღებენ, შახტი მუშაობას კი ერთ თვეში განაახლებს.
თურნავას თქმით, “საქნახშირმა” (რომელიც “ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა) სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოიძია ინვესტორი (Steel International trade Company), ხოლო რა ფორმით ითანამშრომლებს ეს კომპანია ახალ ინვესტორთან, როგორც თურნავა ამბობს, ეს თავად მათი საქმეა. მისი თქმით, კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული, თუმცა მას პარტნიორები ჰყავს უკრაინაში.
თავად “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” აცხადებს, რომ ტყიბულის შახტის მართვიდან საერთოდ გადის.
პროტესტის მონაწილეები ამ დროისთვის აქციას წყვეტენ და სამომავლო მოქმედებებს ელოდებიან.
ვინ და რატომ აპროტესტებდა შახტის გაჩერებას – ტყიბულელების ისტორიები
ონისე კაპანაძე, მეშახტე:
“ამ დროის განმავლობაში, რაც ქვანახშირის მოპოვება შეწყვეტილია, ჩვენ ანაზღაურებას ვიღებდით მთავრობისა და კომპანიის შეთანხმების შედეგად. ამავდროულად, ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ვასრულებდით გამაგრებით სამუშაოებს და არ გავჩერებულვართ. ჩვენ ყოველდღე ვასრულებდით სარემონტო სამუშაოებს, რათა შახტი შეგვენარჩუნებინა და როდესაც გადაწყდებოდა შახტის შემუშავება, მზად ყოფილიყო ყველაფერი.
ცხადია, დატვირთვა ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ქვანახშრის მოპოვების დროსაა, მაგრამ ის არანაირად არ იყო ტყუილად აღებული ფული, ვინაიდან ეს სამუშაოც შრომატევადია.
რაც შეეხება სხვა გზას: ტყიბულში შახტი რომ არ იყოს და მე ვიფიქრო, მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარბაზე… ჩემნაირად შახტში მუშაობს ადგილობრივების 90%, სოფლის მეურნეობის წარმოებას კი ძალიან დიდი დრო უნდა. ჩვენ ახლა გვაქვს ბანკის ვალები და მათ ფულს სისტმატურად ვიხდით. სწორედ ამ დარიცხულ თანხაზე ვართ დამოკიდებული. ბიზნესს კი, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, თანხების გარეშე ვერ დავიწყებთ”.
თეონა ლაფერაძე:
“სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს. მართალია, ოჯახში არავინ მყავს მეშახტე, მაგრამ ჩემმა შვილმა მინდა, რომ იცხოვრობს ბედნიერ ქალაქში. ისედაც ცოტანი ვართ და შახტმა რომ არ იმუშოს და ხალხს შემოსავლის ეს წყაროც აღარ დარჩეს, აქედან ყველა წავა. აქ ყველაფერი შახტთან არის კავშირში. ამიტომ მირჩევნია, ხალხმრავალ ქალაქში ვიცხოვრო, სანამ ვიქნები.“
მეშახტე ქალი:
“ეს ამბავი გვეხება ყველა ტყიბულელს, მათ შორის მეხება პირადად მეც იმიტომ, რომ ვარ მეშახტე მინდელის შახტში. 13 წელიწადია ვმუშაობ შახტში და ველოდები, როდის ამუშავდება შახტი. მიწისქვეშა მუშა ვარ. პრობლემა მეხება ამ კუთხით. ოჯახს უჭირს ძალიან, შვილი მყავს სტუდენტი. თუ ვინმეს ოჯახში მსგავსი სიტუაცია აქვს, იცის, რას ნიშნავს, როდესაც შემომტანი მხოლოდ ერთი ადამიანია, მეტი შემოსავალი რომ არ არის…
აქ ყველას ერთნაირი გასაჭირი გვაქვს. შვილს ვერ ვუშვებ უნივერსიტეტში იმის გამო, რომ ხელფასი არ მაქვს და მაქვს ბანკის ვალი. ბანკის ვალის გარდა სხვ საჭიროებებიც არსებობს. ამიტომ შახტი უნდა ამუშავდეს.
13 წელია შახტში ვმუშაობ, მიწის ქვეშ. ამწე მანქანის მემანქანე ვარ, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო მაქვს. იქნებ მოვიდეს მთავრობა, მოგვაქციოს ყურადღება და რაიმე შეიცვალოს სასითეკოდ. ჩვენთვის, შახტისთვის, თუ შეიცვლება სასიკეთოდ, ყველაფერი ამოძრავდება ტყიბულში. იყო ტყიბულში ბუმი, როდესაც შახტი კარგად მუშაობდა კარგად და ბევრ ნახშირს იძლეოდა. იმის შემდეგ მოიკლო და დავედით იმ დონეზე, რომ კიბეებზე ვზივარ ახლა“.
იურზა კაპანაძე, სამთო მაშველი:
“მე შახტში სამთო მაშველი ვარ. ჩემი მოვალოება არის ის, რომ როდესაც რაიმე ხდება, ვთქვათ, შახტში ცეცხლია, ჩვენ ჩავდივართ და საჭიროების შემთხვევაში მუშები ამოგვყავს იქიდან. ასეთი საქმეა.. ძირითადად,ავარიულ სამუშაოებზე ვმუშაობთ. აპარატებიც ძველი გვაქვს.
400 ლრი მაქვს ხელფასი, მასაც აღარ მაძლევენ. სულ სამი ათეული სამთო მაშველია შახტში, არ გვაქვს ბოტები და სპეცსამოსი, 40 წლის წინანდელი აპარატურით ვამოწმებდთ შახტში მდგომარეობას.“
ნონა ნაკაშიძე
“აქ, ტყიბულში, ყველას ძალიან გვიჭირს, აქ არსებობა რთულია. ორივე შახტი დაკეტილია, არაფერი მუშაობს. ხალხი იფიცება, რომ შახტები აამუშაონ. რატომ უნდა იყოს უმუშევრობა?! ხალხს სესხები აქვთ გამოტანილი, ხომ უნდა დაფარონ? ამუშაონ და გადაიხდიან სესხებს. ქმარი მყავს შშმ პირი, არ ქვს სოციალური დახმარება. ჩემი ქმარი იქ მუშაობდა, ფეხი შახტში დატოვა, არ აქვს სოციალური დახმარება, არც შახტიდან გვეხმარება ვინმე. მხოლოდ ჩემს ქმარზე არ ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანია ასე. მინდა, რომ მთავრობამ ესეც გაითვალისწინოს, გაითვალისწინოს ტყიბულელები.
აამუშაოს შახტი, თორემ ტყიბულში მეტი საარსებო წყარო არ არის. ეს ჩემი მშობლიური ქალაქია და მინდა, მისი წინსვლა დავინახო.
მე თვითონაც ვმუშაობდი შახტში აბანოების დამლაგებლად, მაგრამ გამათავისუფლეს იმიტომ, რომ პენსიონერი ვარ. სამუშაოს არ ვაცდენდი, ერთგულად ვმუშაობდი, მაგრამ გამათვისუფლეს, ძალიან მეწყინა“.
საქნახშირის თანამშრომლები
“ჩვენ ვართ “საქნახშირის“ წარმომადგენლები და ჩვენი ინტერესია, რომ შახტმა მუშაობა გააგრძელოს. ამაში სახელმწიფოს მხარდჭერას ველოდებით. შახტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქის არებობისთვის.
არსებობს დასკვნები, რომლებშიც წერია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა დღეს შახტში, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა არსებობენ პროფესიონალები, რომელთა დახმარებითაც შახტის ამუშავება შეიძლება.
უსაფრთხოების ნორმები თუ იქნება დაცული, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შახტი იმუშავებს იმიტომ, რომ ეს არ არის 1-2 წლის ამბავი. რამდენი წელია ტყიბულში შახტი მუშაობს. ჩვენ ამის გვწამს: თუ დაცული იქნება ნორმები, მუშაობა განახლდება.
თუ არ გვაქვს სწორი ინფორმაცია, მარტო უსაფრთხოების დაცვა არ შველის. ჩვენ გვინდა სწორედ ეს ვიცოდეთ. აქ იყვნენ გერმანებელი ექსპერტები, რომლებმაც იმუშავეს დასკვნებზე, თუმცა ეს დოკუმენტი ჩვენამდე არ მოვიდა. ჩვენ არ ვიცით სპეციალისტების აზრი, ზოგადად, შახტში რა ხდება. არავინ არ იცის, რა თქვეს მათ. თუ ისე მოხდა, რომ ყველა უსაფრთოხების ნორმა დაცულია, მაგრამ აფეთქებები მოხდება და უბედური შემთხვევები მაინც მოხდება, ჩვენ ასე არ გვინდა, მაშინ ჩვენც მოვძებნით ალტერნტიულ გზებს“
ტყიბულში მეშახტეთა აქცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი პროტესტი 24 სექტემბერს დაიწყო. 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობდნენ.
მეშახტეები ამბობდენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია შახტები არ მუშაობენ, ხელფასი კი მათ უგვიანდებათ. ამ უკანასკნელის გარეშე კი ცხოვრებისთვის აუცილებელი სურსათის ყიდვა არ შეუძლიათ. მეშახტეთა უპირველესი მოთხოვნა სწორედ ხელფასის დროული დარიცხვაა.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ შეხვდნენ მთავრობისა და საქნახშირის წარმომადგენლებს, რათა “ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მეშახტის მდგომარეობა“.
მალე აქციებმა ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც მეშახტეებს სხვადასხვა დარგი წარმომადგენლები, მათ შორის, მსწავლებლები და გარემოვაჭრეები შეუერთდნენ. აქციის მესამე დღეს, გიორგი გახარიას დავალებით, მათთან ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჩავიდა.