ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მთავრობა ეკლესიას წირვის შეჩერებისკენ მოუწოდებს | კორონავირუსი

16 მარტი, 2020 • 1971
სომხეთის მთავრობა ეკლესიას წირვის შეჩერებისკენ მოუწოდებს | კორონავირუსი

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მინისტრი რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, კორონავირუსის აღმოფხვრამდე თავი შეიკავონ წირვის თუ სხვა მასობრივი ცერემონიების ჩატარებისგან.

„მოვუწოდებთ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, გააუქმონ ლიტურგია და რელიგიური ცერემონიები მანამ, სანამ ვირუსი სრულად არ აღმოიფხვრება, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ირანში და სამხრეთ კორეაში უმეტესად რელიგიური ცერემონიების გამო გავრცელდა. უსაფრთხოება უპირველეს ყოფლისა!“, – დაწერა ჯანდაცვის სამინისტრომ 15 მარტს, დილის საათებში, ტვიტერზე.

მსგავსი განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა: „გულწფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, რა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული რელიგიურ ორგანიზაციებს რიტუალების შეჩერებასთან ან გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუმცა მინდა შეგახსენოთ, სამხრეთ კორეასა და ირანში ახალი კორონავირუსი დიდი მასშტაბით რელიგიური ცერემონიების გამო გავრცელდა“.

„ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს და ყველა რელიგიურ ორგანიზაციას მოვუწოდებ, თავი აარიდონ მასობრივ რიტუალებს და გააუქმონ ისინი, სანამ ეპიდემიის საფრთხე აღმოიფხვრება. საზოგადოებრივი ჯანდაცვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან.

2011 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სომხეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 98%, თავს სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრად მიიჩნევს. სხვა კონფესიებს შორის არიან რომის კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებელი ქრისტიანები, იეზიდები და მუსლიმები. ამ კონფესიების მიმდევართა რიცხვი მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებია.

მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Hetq იუწყება, კვირას ერევანში ეკლესიები გადავსებული იყო — დიდმარხვის მეოთხე კვირადღეს წირვას არაერთი ადამიანი დაესწრო.

ზიარების პრაქტიკა სომხეთის სამოციქულო ეკლესიაშიც არსებობს და ამ კონფესიისთვისაც ერთ-ერთ საიდუმლოს წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ეკლესია ზიარებასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას, თუმცა, Hetq-ის ცნობით, ერთ-ერთი ტაძრის, წმინდა ანას ტაძრის (სომხეთის სამოციქულო ეკლესია) წინამძღოლმა გამოაცხადა, რომ წირვის დასასრულს ჯვარზე კოცნისგან თავს შეიკავებდნენ.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა პირველი პაციენტი, რომელსაც ვირუსი პირველ მარტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა.

სამინისტროს ტვიტერის ოფიციალური გვერდის თანახმად, ამ პაციენტისთვის შაბათ-კვირას ჩატარებულმა ორმა ტესტმა ნეგატიური პასუხები უჩვენა, რაც, მათი განმარტებითვე, ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელდა. მკურნალობას 29 პაციენტი აგრძელებს.


საქართველოს საპატრიარქომ 14 მარტს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, ზიარების შემდგომი სასმელის, „სიტკბოების“ მიღება შესაძლებელი იქნება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებითაც.

საპატრიარქომ ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და ზოგადად სისუფთავეზე ზრუნვას. გარდა ამისა, საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული წესების დაცვაც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციაში გადავა.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი