ახალი ამბები

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 9 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

13 მარტი, 2020 • 1456
თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 9 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, იძულებით საკარანტინო ზონაში მოათავსეს.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით, ჯამში, გადაყვანილია 12 ადამიანი. შსს აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.


13 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 130 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 5 ათასამდე გარდაიცვალა, ნახევარზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთში რეგისტრირებულია ვირუსის 81 ათასამდე შემთხვევა, დანარჩენი კი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 15 ათასი შემთხვევა არის დაფიქსირებული იტალიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს  გადააჭარბა. საქართველოში რეგისტრირებულია ვირუსის 25 შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი