ახალი ამბები

უსაფრთხოების უგულებელყოფა, რისკების შეუფასებლობა – დარღვევები სამუშაო ადგილებზე

13 მარტი, 2020 • 1725
უსაფრთხოების უგულებელყოფა, რისკების შეუფასებლობა – დარღვევები სამუშაო ადგილებზე

რისკების შეუფასებლობა, ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის მისაღები ზომების უგულებელყოფა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობა, — ეს მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რაც შრომის ინსპექციამ ასობით სამუშაო ადგილზე 2019 წელს ჩატარებული ინსპექტირებებისას გამოავლინა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 13 მარტს გამოაქვეყნა 2019 წლის საქმიანობის შეჯამება, სადაც სხვადასხვა მონაცემებია განხილული.

ანგარიშის თანახმად, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად 1264 (პირველადი და შემდგომი, დარღვევების სრულ გამოსწორებამდე) ინსპექტირება განხორცილედა 558 ობიექტზე;

შემოწმებული ობიექტების რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე იყო გადანაწილებული:

წყარო: შრომის ინსპექციის ანგარიში

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველაზე მეტჯერ სამშენებლო სექტორსა და დამამუშავებელ მრეწველობაში არსებული სამუშაო ადგილები შემოწმდა [დამამუშავებელი მრეწველობა ფართო დარგია, რომელიც აერთიანებს როგორც კვების პროდუქტების და ტექსტილის წარმოებას, ასევე ნავთობპროდუქტების, ქიმიკატების და ლითონების წარმოებას]; შემოწმებული ობიექტების უმრავლესობა (62%) თბილისშია განთავსებული.

შრომის ინსპექციის თანახმად, შემოწმების აღნიშნულ პროცესში 4806 დარღვევა გამოვლინდა, დარღვევათა პროცენტული წილი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 11% – რისკეფის შეფასება
  • 10% – ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობა
  • 9% – ინსტრუქტაჟების ჩაუტარებლობა
  • 9% – ალკოჰოლზე კონტროლის ჩაუტარებლობა
  • 9% – საწარმოო შემთხვევების აღურიცხაობა, მოკვლევა და ანალიზი;
  • 6% – უსაფრთხოების სპეციალისტის არყოლა
  • 5% – საფრთხის შემცველ სამუშაოზე დასაქმებულთათვის დაზღვევის არქონა

წყარო: შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი

 

დეტალურად სანახავად დააკლიკეთ

ანგარიშში მითითებული დეტალური ინფორმაცია ასეთია:

  • ყველაზე მეტად საწარმოებში არ ხდება რისკების შეფასება (11%). რისკების შეფასება – ეს არის ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს სამუშაო სივრცეში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას; არის გამოვლენა იმ ფაქტორებისა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თანამშრომელთა დაზიანება ან დასნეულება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; რისკების შეფასება მენეჯმენტის მართვის ერთ-ერთი აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც საშუალებას იძლევა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტურად მართვის გზით შეამციროს პოტენციურ ჯარიმებთან და დაშავებული თანამშრომლების საჩივრებთან დაკაშირებული ასანაზღაურებელი ხარჯები, აამაღლოს დამსაქმებლის რეპუტაცია, იზრუნოს თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, უფრო პროდუქტიული და ბედნიერი გახადოს მუშახელი. რისკების შეფასება არის საშუალება, დარწმუნდეს დამსაქმებელი, რომ სამუშაოსთან დაკავშირებული სერიოზული რისკების მართვა ხდება რენტაბელური კონტროლის მექანიზმების მეშვეობით;
  • გამოიკვეთა, რომ დასაქმებულები სამუშაო პროცესისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობენ (10%). რიგ შემთხვევებში დამსაქმებული აძლევს დასაქმებულს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, თუმცა დასაქმებულები არ იყენებენ. ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მოუხერხებელია, ხელს უშლით გამოყენება, ასევე მათი დიდი ნაწილი არის შეუსაბამო შესასრულებელ სამუშაოსთან. ნაწილი ამბობს, რომ არ ხდება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებაზე კონტროლი და ამიტომ არ ატარებს;
  • დარღვევათა მორიგ ჩამონათვალშია სწავლება/ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩაუტარებლობა (9%). ინსტრუქტაჟებსა და სწავლებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო მუშაობის პროცედურებში, ის რისკის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. უსაფრთხო მუშაობის სტანდარტები და წესები შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სამუშაო ისე, რომ რისკის დონე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. საწარმოთა დიდ ნაწილში დასაქმებულები ინსტრუქტაჟებს არ იცნობენ, ან ჟურნალებში უბრალოდ ხელმოწერები არსებობს, მაგრამ რა თემაზე და ვინ ჩაატარა სწავლება, უცნობია;
  • 9%-ით განისაზღვრა ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ თრობაზე უკონტროლობა, რაც ხშირად საწარმოო ინციდენტის მიზეზი შეიძლება იყოს;
  • საწარმოებში არ ხდება უბედური შემთხვევების აღრიცხვა, მოკვლევა და ანალიზი (9%), რაც შემდგომ საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები
  • საწარმოს სიდიდის, საქმიანობის სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომების უგულებელყოფაზე მოდის 7%
  • ჩამონათვალში შემდეგი ადგილი უჭირავს დარღვევას, რომელიც უკავშირდება მანქანა-დანადგარების/ტექნიკური აღჭურვილობის უკონტროლობას (7%). საწარმოებში გვხვდება ისეთი მანქანა დანადგარები, მათ შორის ამწე მექანიზმები, რომელთაც არ გააჩნია მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი, ან ტექნიკურად გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 7%-ით განისაზღვრა სხვადასხვა ტიპის დარღვევა, როგორიცაა: შეუსაბამო მოაჯირები, არაქარხნული ხარაჩოები, უსაფრთხოების ბადეების გამოუყენებლობა, ამწის მოუწყობელი კაბინა, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის უქონლობა, დაუცველი ელექტროუსაფრთხობა, მაფრთხილებელი იშნების უგულებელყოფა;
  • საწარმოთა 6%-ს არ ჰყავს უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელმაც დამსაქმებელთან ერთად მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად უნდა შეიმუშაოს თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის დოკუმენტი, მუშაობის ყველა ეტაპზე შეაფასოს და მართოს რისკები
  • საწარმოთა 5% მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულები არ ჰყავს დაზღვეული უბედური შემთხვევის დაზღვევით
  • ობიექტთა 5% სამშენებლო მოედნებზე იყენებს კუსტარულ კიბეებს;
  • დარღვევათა გარკვეული წილი მოდის საწარმოო გარემო ფაქტორების – ფიზიკური ფაქტორების (მათ შორის, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება, არამაიონებელი გამოსხივება, მაიონებელი გამოსხივება, საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, ვიბრაცია, უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლები (მტვერი), არასათანადო განათება, აეროიონები) და ქიმიური ფაქტორების (მათ შორის, ქიმიური სინთეზით მიღებული, ბიოლოგიური ბუნების მქონე ზოგიერთი ნივთიერება (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები) ან/და ნივთიერებები, რომელთა კონტროლისათვის ქიმიური ანალიზის მეთოდები გამოიყენება – შეუფასებლობაზე (4%); დამსაქმებელი ინსტრუმენტალურად არ ამოწმებს იმ გარემოს, რომელშიც დასაქმებულს უწევს მუშაობა;
  • სამშენებლო მოედნებზე არსებულ დაუცველ ღიობებზე განაწილდა დარღვევათა 2%;
  • ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაობის დაურეგისტრირებლობის წილი 1%-ია;
  • სამშენებლო მოედნებზე საშიში ზონების გამოყოფის იგნორირება განისაზღვრა 1%-ით.

სანქციები?

როგორ ჯარიმდებიან/რა სანქციები ეკისრებათ დამსაქმებლებს ამ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში?

როგორც ანგარიში განმარტავს, პირველ ეტაპზე დაფიქსირებული შეუსაბამობებისთვის მეწარმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სახდელის ზომად განესაზღვრათ გაფრთხილება.

„პირველი გაფრთხილების შემდგომ, გონივრული ვადის გასვლისთანავე განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა, რომ 127-მა საწარმომ სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო 202 საწარმო შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 200-დან 14 000 ლარის ფარგლებში“, – წერია ანგარიშში.

შრომის ინსპექციის თანახმად, „2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული დარღვევისთვის 2 საწარმო დაჯარიმდა 50 000 ლარის ოდენობით. ზედამხედველი ორგანოსთვის ხელის შეშლის გამო 7 საწარმო დაჯარიმდა 4000 – 14 000 ლარის ფარგლებში“.

„მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაურეგისტრირებლობისთვის 28 საწარმოს ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა 1000 ლარი.

ადმინისტრაციული ორგანოს (სამინისტროს) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 37 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ დაკმაყოფილდა 6 შემთხვევა, ხოლო 9 შემთხვევა არ დაკმაყოფილდა. დარჩენილი საჩივრები განხილვის პროცესშია.

სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიემართა 117-ჯერ, რომელთაგან 92 ობიექტს, სამუშაო პროცესი შეუჩერდა, უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, მათგან 20-ს ობიექტზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევის გამო, ხოლო დანარჩენზე განხორციელდა ინსპექტირება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი