ახალი ამბები

კოალიცია მართლმსაჯულებისთვის პარლამენტს მოუწოდებს, ნინო ქადაგიძეს მხარი არ დაუჭიროს

13 მარტი, 2020 • 594
კოალიცია მართლმსაჯულებისთვის პარლამენტს მოუწოდებს, ნინო ქადაგიძეს მხარი არ დაუჭიროს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გაუმართლებლად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას და დეპუტატებს მოუწოდებს, უარი თქვან წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.

“სიაში მოხვედრილი კანდიდატების სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იყვნენ. ნინო ქადაგიძის შემთხვევაში ეს კარგად გამოჩნდა იურიდიულ კომიტეტში მისი მოსმენის დროს, სადაც მას გაუჭირდა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ შიდა საფრთხეებზე საუბარი და ფაქტობრივად უარყო სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის” არსებობა. ასევე, ის ერთ-ერთია იმ 14 პირიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე დაინიშნა. ეს პროცესი დადებითად არ შეუფასებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ საბჭომ ნინო ქადაგიძის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიიღო და საკითხის განხილვაში ჩართული არ ყოფილან პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. მართალია, ამის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე საბჭოს არ გააჩნდა, მაგრამ კოალიცია მიიჩნევს, რომ პროცესისთვის მეტი ლეგიტიმაციის მისანიჭებლად და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო შერჩევის პროცესის ღიად და ინკლუზიურად წარმართვა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი