ახალი ამბები

გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

12 მარტი, 2020 • 1232
გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა,რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობისთვის პრიორიტეტია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას:

“რაც შეეხება მასტიმულირებელ ინსტრუმენტებს ეკონომიკისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან და აქედან მინდა წავიღო წინადადებები. ჩვენ ღია ვართ და პირდაპირ მეუბნებით ყველაფერს. მე ვიწერ, ხვალ გიბრუნდებით და გეუბნებით, რისი გაკეთება შესაძლებელია და რისი – არა.

დარგების მიხედვით: ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, მომსახურების სფერო, ვაჭრობა – უბრალოდ მეუბნებით ყველაზე ეფექტური რა შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგცემთ გარანტიებს, რომ ყველა თქვენს მიერ დაყენებული საკითხი ხვალვე გადაწყდება 100%-ით, მაგრამ ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ” – თქვა გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ დღეს მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა დღის ბოლომდე წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკთან.

ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

კორონავირუსის ფონზე სასტუმროებში ჯავშნები შემცირდა – ინდუსტრია დახმარებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი