ახალი ამბები

თბილისის ჯაზ-ფესტივალი გადაიდო

12 მარტი, 2020 • 1040
თბილისის ჯაზ-ფესტივალი გადაიდო

“ისთერნ პრომოუშენსის” განცხადებით, კორონავრიუსის საფრთხის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო თბილისის ჯაზ-ფესტივალი, რომელიც 25-28 მარტს იყო დაგეგმილი.

“11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაციების პაკეტი ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰიგიენური ნომრების დაცვის, ასევე ხალხმრავალ ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდების რეკომენდაციებსაც.

მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს ისთერნ პრომოუშენსმა, ფესტივალში მონაწილე ვარლკვლავებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გადადების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით. ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება”, – აცხადებს “ისტერნ პრომოუჩენსი”.

12 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიოში ეს მონაცემი 127 ათასს აჭარბებს, საიდანაც 4 700-ზე მეტი გარდაიცვალა, 68 ათასამდე ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი