მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად, სახელმწიფო 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
მინისტრის განცხადებით, სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
მინიტრის თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის იაფი სესხის გაცემაც გაგრძელდება.
ოთარ დანელია აცხადებს, რომ გასულ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და სტიმულირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სწორი პოლიტიკისა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, გაიზარდა ღვინის წარმოება და ქართული ღვინის საექსპორტო არეალი, ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა, დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები.
“წელს ყურძნის უხვი მოსავალია და ხარისხიც საკმაოდ კარგია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვან და მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება განაპირობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე უარყოფითად აისახა – მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე. შესაბამისად, დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ კვლავ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს რთველის სკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება, ხოლო შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც გაიხსნება. ამოქმედდება ცხელი ხაზიც და რთველი 2015-ის ვებგვერდიც, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველის პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღების საშუალება ექნება.
სამინისტროს ცნობით, მომავალი კვირიდან, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უკვე გაემგზავრებიან კახეთში, ხოლო საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გაიხსნება“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.