ახალი ამბები

1 სექტემბრიდან ხორბლის ფქვილზე ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

10 აგვისტო, 2015 •
1 სექტემბრიდან ხორბლის ფქვილზე ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ხორბლის ფქვილის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს „ხორბლის ფქვილი“; ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც ემატება ხორბლის ფქვილს, უნდა იყოს უვნებელი; მას არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ შეიცავდეს ცოცხალ ან მკვდარ მწერებს.

დაფქვის სიმსხოს მიხედვით ხორბლის ფქვილი იყოფა ექსტრა, უმაღლესი ხარისხის, გამტკიცული, პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხის და ცეხვილ ხორბლის ფქვილად.

ბიზნესოპერატორი ეტიკეტის მიხედვით, ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. მაგალითად, იმპორტის დროს პროდუქტი უნდა იყოს განთავსებული მცენარეთა მავნებლებზე დამუშავებულ ხის პალეტებზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ახალი რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ რბილი ხორბლისა და ქონდარა ხორბლისაგან მიღებულ ფქვილზე ან მათ ნარევზე, რომელიც შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე მოხმარებისათვის.

 

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება უშუალოდ ხორბალზე, მანანას ბურღულზე, სახამებელზე ან იმ  ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება ლუდის წარმოებაში, როგორც დამხმარე საშუალება, ან ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება სახამებლის ან წებოგვარას (გლუტენი) წარმოებისათვის, არასასურსათო დანიშნულების ხორბლის ფქვილზე, განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტო.

რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში  სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო,  ხოლო  იმპორტზე  ზედამხედველობა  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.

ფქვილი
ფქვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი