ახალი ამბები

არ ტოვებს სანდოობის განცდას – EMC უზენაესის თავმჯდომარის შერჩევაზე

9 მარტი, 2020 • 1654
არ ტოვებს სანდოობის განცდას – EMC უზენაესის თავმჯდომარის შერჩევაზე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად შემოთავაზებული პროცედურა არ ტოვებს სანდოობის განცდას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციას ფორმალური ხასიათი აქვს, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 9 მარტს, რამდენიმეკვირიანი შუალედის შემდეგ გამართულ სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით იმსჯელა.

ეს თანამდებობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ არის ვაკანტური — მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.

[ოფიციალურად მიზეზად დაასახელა „ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ“, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებდნენ, რომ ამი მიზეზის არ სჯეროდათ. 2019 წლის მაისში გვენეტაძე თსუ-ის პრორექტორი გახდა].

EMC-ის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე თვეების მანძილზე არ უმსჯელია და ეს საკითხი „მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა საბჭოს დღის წესრიგში, რაც საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში განამწესა 14 მოსამართლე გასული წლის ბოლოს“.

EMC-ის თანახმადვე, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10 მარტს 15:00 საათზე ჩანიშნულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციები.

„კონსულტაციები დახურულ რეჟიმში წარიმართება და მისი სავარაუდო ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება, თუმცა ბუნდოვანია, რა პროცედურით და წესით გაითვალისწინებს მოსამართლეების პოზიციებს საბჭო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას“, – წერს EMC.

ორგანიზაციის თანახმად, კონსულტაციების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამართავს გასვლით სხომას უზენაეს სასამართლოში, სადაც იმსჯელებს პარლამენტისთვის წარსადგენად კონკრეტულ კანდიდატურებზე.

„საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს წარუდგენს, თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3“, – წერია EMC-ის განცხადებაში.

უფლებადამცველების შეფასებით, „იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით დეტალურად არ არის გაწერილი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა, მოსამართლეებთან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვა შესაძლოა წარმოადგენდეს დადებით ნაბიჯს. თუმცა, შემოთავაზებული პროცედურა არ ტოვებს სანდოობის განცდას, ვინაიდან კონსულტაციისთვის განსაზღვრული ერთსაათიანი ვადა ობიექტურად ვერ იქნება საკმარისი უზენაესი სასამართლოს 24 მოსამართლისა და საბჭოს წევრებს შორის სათანადო მსჯელობის წარმართვისთვის“.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციას ფორმალური ხასიათი აქვს და საბჭოს მიზანი რეალური დისკუსიის წარმართვა არ არის. ასევე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში, კონსულტაციების დახურულ ფორმატში წარმართვა უარყოფითად აისახება პროცესის მიმართ სანდოობაზე“, – აცხადებს EMC.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს:

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარმართოს ღიად და გამჭვირვალედ;
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატად წარადგინოს შედარებით მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატი, რამაც ასევე უნდა გამორიცხოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განსაკუთრებულად უარყოფითი რეპუტაციის მქონე პირის დანიშვნა.

პარლამენტმა გასულ წელს უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, მათ შორის, შალვა დათუმაძე, რომელიც მანამდე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებმა. გასაუბრებისას თადუმაძემ დაადასტურა, რომ საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზეც განიხილავს.

ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ – თადუმაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი