უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია. მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება.
გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
- ლევან თევზაძე
- მერაბ გაბინაშვილი
- მამუკა ვასაძე
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
მზია ამაღლობელი უზენაესში ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
თავის მხრივ, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მისთვის ბრალის დამძიმებას. კერძოდ, პროკურატურა ითხოვდა, რომ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის დამძიმებას.
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. იგი დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით და უკანონოდ – სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ სისხლის სამართლის წესით – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის აქციაზე სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პროკურატურა “პოლიციელზე თავდასხმას” ედავებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. ეს მუხლი სხვა უფრო მსუბუქ სასჯელს არ ითვალისწინებს.
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა შედარებით ნაკლებად მძიმე, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე [სსკ-ის 353-ე მუხლი]. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი არასაპატიმრო სასჯელებსაც ითვალისწინებს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.
დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. ამას გარდა, უკანონო პატიმრობაში მყოფმა მედიამენეჯერმა არაერთი პრიზი მიიღო ჟურნალისტური საქმიანობისთვის.







