ახალი ამბები

იტალიაში ვმუშაობ “პერმესოს” გარეშე, მიმკურნალებენ კორონავირუსზე?

6 მარტი, 2020 • 2960
იტალიაში ვმუშაობ “პერმესოს” გარეშე, მიმკურნალებენ კორონავირუსზე?

მილანში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის, ნუნუ გელაძის თქმით, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის კორონავირუსით ინფიცირების ეჭვის შემთხვევაში გადაუდებელი დახმარება და სხვა სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომია.

როგორც ნუნუ გელაძე ამბობს, ასეთ შემთხვევაში არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს (ვისაც ლეგალურად სამუშაოდ აუცილებელი დოკუმენტი “პერმესო” არ აქვს) საქართველოში უკან იძულებით დაბრუნება არ ემუქრებათ.

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ქვეყანა იტალიაა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით აქ 3 800-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ხელშეშლის მიზნით დღეს, 6 მარტს, იტალიასთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

„იტალიაში ნებისმიერ მოქალაქეს, არალეგალურად მყოფსაც კი, აქვს უფლება მიმართოს საავადმყოფოს“ – სათვისტომოს ხელმძღვანელი

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ნუნუ გელაძეს, რომელიც მილანში ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობს. გელაძე ჩვენთან საუბარში ყვება, რომ სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტების (“პერმესო”) არმქონე მოქალაქეებსა საშიშროება არ ემუქრებათ.

„იტალიაში ნებისმიერ მოქალაქეს, თვით ალეგალურად მყოფსაც, აქვს უფლება, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას სასწრაფო და გადაუდებელი ავადმყოფობის მკურნალობისთვის.

არც ამგვარ შემთხვევებში და არც არასდროს მათ არავითარი საშიშროება არ ემუქრებათ, ცხადია, არც საქართველოში მათ დაბრუნებაზე ფიქრობს ამ დროს მკურნალი ექიმი თუ კლინიკა. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც საკმაოდ ტოლერანტულია იტალია,“ – ამბობს ნეტგაზეთთან ნუნუ გელაძე.

მისი თქმით, თუ არსებობს კორონავირუსის ეჭვი, ყველაზე ერთი, ზოგადი წესი მოქმედებს:

მათ თავი უნდა აარიდონ პირდაპირ კლინიკაში ან ექიმთან მისვლას და უნდა დარეკონ იტალიის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ცხელ ხაზზე, სადაც მათ გამოკითხავენ სიმპტომატიკის შესახებ და მისცემენ შესაბამის რჩევებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავად მიავლენენ სპეციალურ სამედიცინო ჯგუფს ჰოსპიტალიზაციისთვის.

გელაძე ასევე ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ემიგრანტები ხშირად თავს იკავებენ და საკონსულო აღრიცხვაზეც კი არ დგებიან, რაც საგანგებო სიტუაციების დროს განსაკუთრებით პრობლემური ხდება.

„ფაქტობრივად, არალეგალურად მყოფი მოქალაქეები არსად არ ითვლებიან (საბედნიეროდ, ბევრი მათგანი გვირეკავს და შეძლებისდაგავარად ჩვენი სათვისტომოს – “სამშობლოს გულით სატარებლის” – წევრები ვეხმარებით).

მინდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეუძლია 24 საათის განმავლობაში დარეკოს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის ცხელ ხაზზე: +393338879123, რომელსაც დღეს, კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით კიდევ ორი ტელეფონის ნომერი დაუმატეს: +393501312131; +393501483114,“.

ნუნუ გელაძე ჩვენთან საუბარში დასძენს, რომ სწორედ ამ ცხელ ხაზზე დარეკა კორონავირუსის სიმტპომებით საქართველოს  მოქალაქემ და საელჩოს დახმარებით ის რომის კლინიკაში გადაიყვანეს.

“როგორც წესი, ტურისტებს მგზავრობის ბილეთთან ერთად ჯანმრთელობის დაზღვევაც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, მკურნალობას იტალიის ჯანდაცვის სისტემა მაშინაც უზრუნველყოფს, როდესაც პაციენტს დაზღვევა არ აქვს,“ – განმარტავს ნუნუ გელაძე.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა იტალიაში მყოფ კიდევ ერთ ქალს – მარი მეტრეველს. ქალი უკვე 9 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს და მას ყველა ლეგალური დოკუმენტი უკვე აქვს.

მეტრეველი დასძენს, რომ ბოლონიაში, როგორც სხვა ყველა ქალაქში, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტების არმქონე ემიგრანტებს აქვთ უფლება, მიმართონ სასწრაფოს, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას უპრობლემოდ გაუწევენ.

რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ქალი გვიყვება, რომ ქალაქში სიმშვიდეა, თუმცა, დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები და ბაღები. მისივე მონათხრობით, იგრძნობა სადეზინფექციო საშუალებების ნაკლებობა, თუმცა, მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

რას ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია:

„გადაუდებელი აუცილებლობის დროს ან საგანგებო ვითარების პერიოდში იტალიის ჯანდაცვის სისტემით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, განურჩევლად მისი სამართლებრივი სტატუსისა.

საქართველოს საკონსულოსთვის ან ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემისთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე მიიღებს კანონით დადგენილ ყველა დამხმარებას და მომსახურებას, განურჩევლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სტატუსისა,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარალელურად, სამინისტრო მოუწოდებს ემიგრანტებს, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, „რაც დაეხმარება საქართველოს საკონსულო დაწესებულებას მათთან ეფექტიან და დროულ კომუნიკაციაში საჭირო დახმარების გასაწევად“.

საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი