პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.
შეზღუდვები საქართველოს საზღვრის კვეთისას როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ:
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ ნეტგაზეთთან დააზუსტა, რომ საზღვარზე ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს მოქალაქე დაექვემდებარება კარანტინს, თუ ის თვითიზოლაციაში დარჩება 14 დღის განმავლობაში, ისე როგორც ეს აქამდეც ხდებოდა.
- საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ ნეტგაზეთთან დააზუსტა, რომ საზღვარზე ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს მოქალაქე დაექვემდებარება კარანტინს, თუ ის თვითიზოლაციაში დარჩება 14 დღის განმავლობაში.
- ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
მაღალი რისკის მქონე ქვეყნები არიან: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი.
იტალიასთან, ჩინეთთსა და ირანთან დროებით შეჩერებული პირდაპირი ფრენები, ირანთან გაწყვეტილია სახმელეთო მიმოსვლაც სხვა ქვეყნების გავლით.
შესწორება
სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ 6 მარტიდან საქართველოში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში ადამიანები 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდაბარებიან და ამ კუთხით თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაუქმდა. ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა მთავრობის მიერ გავრცელებულ ტექსტს და კომუნიკაციას მთავრობის პრესსამსახურთან, რომელმაც აღნიშნული ასევე დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ თვითიზოლაციის რეკომენდაცია ძალაში რჩება და გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგი იღებს. ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ამ კუთხით გადაწყვეტილებაში სიახლეს წარმოადგენს რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით.