ახალი ამბები

ნიდერლანდებსა და გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევები თითქმის გაორმაგდა

5 მარტი, 2020 • 2277
ნიდერლანდებსა და გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევები თითქმის გაორმაგდა

კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა ბოლო ერთ დღეში მკვეთრად მოიმატა ნიდერლანდებსა და გერმანიაში.

5 მარტის მდგომარეობით, ნიდერლანდებში შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა და 82-ს მიაღწია, ინფიცირებულთა მნიშვნელოვან ნაწილს კი სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინფიცირებულთა შორის არიან ის ექიმები და მედდები, რომლებიც მანამდე ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობდნენ.

ერთ დღეში 100-ით მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ გერმანიაში და 350-ს მიაღია. შემთხვევების თითქმის ნახევარი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონშია დაფიქსირებული.

5 მარტს ასევე მნიშნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა საბერძნეთში. ისრაელიდან და ეგვიპტიდან დაბრუნებულ 21 ადამიანს ვირუსი აღმოაჩნდა, რის შედეგადაც, ინფიცირებულთა რაოდეონობამ 31-ს მიაღწია. 377-მდე გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში.

შემთხვევების უმრავლესობა იტალიაში ნამყოფ ადამიანებს უკავშირდება.

ვირუსის გამო განსაკუთრებული ზომები მიიღო ისრაელმა. ბეთლემში არაერთი წმინდა ადგილი დაიხურა, მათ შორის, ბეთლემის ტაძარი. გარდა ამისა, ისრაელმა ქვეყანაში შესვლა დროებით აუკრძალა გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრალიის მოქალაქებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანია “ლუფთანზამ” ყველა რეისი გააუქმა ისრაელის მიმართულებით.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ძირითადი კერა იტალიაა. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, ჯამში, 95 ათასი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია 3 200 ადამიანი. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია რეგისტრირებული. საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა, ათეულობით ადამიანი კი კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი