ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ, 102 ხმით, 47-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა დეპუტატ ქუინი რაჟკოვსკის (VVD) ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეიტანოს.

თავად მთავრობა ინიციატივის წინააღმდეგი იყო.

რაჟკოვსკის ინიციატივით, ნიდერლანდების პარლამენტი:

  • აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და პოლიციურ ძალადობას იყენებს;
  • მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები იმ ტენდენციის ნაწილია, რომლის შედეგადაც საქართველო რუსულ მოდელს უახლოვდება;
  • აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, ამგვარი ქმედებების დასასჯელად სახელმწიფოთაშორისი საჩივრის უფლება გამოიყენონ;
  • მოუწოდებს მთავრობას, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სხვა სახელმწიფოს მიერ კონვენციის და მისი ოქმების სავარაუდო დარღვევის შესახებ. ამისთვის საჭირო არაა მომჩივანი იყოს დაზარალებული.

ცნობისთვის, მთავრობისადმი მოწოდება არ არის კანონი და ავტომატურად იურიდიულად სავალდებულო შესასრულებლად.