ახალი ამბები

“ლელომ” “ქალთა საბჭო” დააფუძნა და 12 ქალი წარადგინა

3 მარტი, 2020 • 2546
“ლელომ” “ქალთა საბჭო” დააფუძნა და 12 ქალი წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ “ლელო-საქართველოსთვის” დღეს, 3 მარტს, 12 ქალი წარადგინა და ასევე, “ქალთა საბჭოს” დაუძნების შესახებ განაცხადა. დღეს საქართველოში “დედის დღე” აღინიშნება.

ახალი ქალი წევრების წარდგენამდე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ქალებს ყვავილები აჩუქა, შემდეგ თქვა, რომ “ლელოს” მიზანია, “კიდევ უფრო გაიზარდოს ქალების ჩართულობა პოლიტიკაში”.

“ლელოს მიდგომა იქნება რაც შეიძლება მეტი ქალის ლიდერის ჩართვა პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიღებაში. ქალები არ არიან იმ დოზით ჩართული, რამდენიც აუცილებელია”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ ქალების წარდგენისას. მისივე თქმით, “ლელო” აფუძნებს ქალთა საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან დეა მეტრეველი, ანა ნაცვლიშვილი და სოფიო შამანიდი.

პარტიის სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ “ლელოს” მიზანია შექმნას “ბედნიერი დედების ქვეყანა.”

“როდის იქნება დედა ბედნიერი? როდესაც დედა ხედავს, რომ მისი შვილები არიან დაცული და რეალიზებული”, აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა და 12 ქალი წარადგინა.

ესენი არიან:    

  1. სოფიო შამანიდი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ-ს პროფესორი. ნეოგრეცისტი. იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში;
  2. მანანა ნაჭყებია – პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი;
  3. ეკატერინე დიასამიძე – კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი. „ლელოს“ მთაწმინდის ორგანიზაციული ხელმძღვანელი;
  4. სალომე მგელაძე – იურისტი. ევროპათმცოდნეობის მაგისტრი. რომის საპიენცას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. არაფორმალური განათლების ცენტრ „დიალოგის“ დამფუძნებელი;
  5. თამარ იაშვილი – -ფილოლოგიის დოქტორი. თსუ-ს პროფესორი. ინგლისური ენის სპეციალისტი. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
  6. ლეილა მამედოვა – უფლებადამცველი. პროფესიით ფილოლოგი. იყო საერთაშორისო დამკვირვებელი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობის დროს იყო წარმომდგენელი ქვემო ქართლში. დღემდე დაკავებულია ადამიანის უფლებების დაცვით;
  7. ნათია შარაბიძე – მედიცინის დოქტორი,მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის თანადამფუძნებელი. ნათია და მისი გუნდი საერთაშორისო ალიანსთან ერთად ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ საქართველოში და გლობალურად;
  8. მანანა თევზაძე – ფილოლოგი. ინგლისური ენის ფილოლოგიის მაგისტრი. თსუ-სა და უორვიკის უნივერსიტეტში. ბრიტანული სკოლა “ბრითიშ ქონექშენ“, „ბრითიშ ქონექშენ ჯუნიორ“ და დედოფალ ვიქტორიას ბრიტანული აკადემიის დირექტორი და დამფუძნებელი;
  9. მირანდა კუპრავა – ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაგისტრი. იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის განყოფილების უფროსი. „იმერეთის ხელოვნების საბჭოს“თანადამფუძნებელი;
  10. ანა ბიბილაშვილი – არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, არქიტექტურული სტუდიის დამფუძნებელი და დირექტორი. საერთაშორისო ფონდის მოწვეული ექსპერტი მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით;
  11. მარიამ ხუნდაძე – მსახიობი. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩაირიცხა ინგლისის ერთ ერთ წამყვან თეატრალურ უნივერსიტეტში Royal Central School of Speech and Drama;
  12. რუსუდან მგელაძე – საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. არის ისეთი პროექტების გამარჯვებული, როგორებიცაა „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“, გახადე შენი ქალაქი უკეთესი“ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი