ახალი ამბები

“არანაირი შეთანხმება არ არსებობს” – ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე

2 მარტი, 2020 • 778
“არანაირი შეთანხმება არ არსებობს” – ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” წევრი, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არავითარი შეთანხმება არ არსებობს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები, ასევე, დიალოგის ფასილიტატორი ელჩები აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან და “ქართული ოცნება” ეთანხმება პრინციპს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს. აღნიშნული მოსაზრება ჯერ კიდევ გიგი უგულავას დაპატიმრობამდე, “ევროპულმა საქართველომ” გაახმოვანა.

“მე არ ვიცი რომელ შეთანხმებაზე საუბრობენ, მე არ ვიცი რომელ ოპოზიციას გაიფორმებენ საკუთარ ოპოზიციად, ან საერთოდ ვისზე საუბრობენ. მე მგონი ყველა ადამიანი, ვისაც დღეს უჭირს და უმძიმეს ვითარებაშია და უმუშევარია, უბრალოდ მობეზრდა ეს კალამბური სიტყვების და ციფრების თამაში, რასაც  „ქართული ოცნება“ აკეთებს.  სამწუხაროდ არანაირი შეთანხმება არ არსებობს. დიახ, ისინი უკან იხევენ.  ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ. არ ვაპირებთ, რომ საქართველოს მომავალი გავყიდოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე აკრიტიკებს თბილისში მაჟორიტარული ოლქების შესაძლო შემცირების წინადადებას.

“საოცარი ინფორმაცია გავრცელდა მათი წყაროებიდან, რომ მაგალითად 15 000 კაცი მესტია-ლენტეხში აირჩევს ერთ მაჟრიტარს თურმე და თბილისში სულ 5 მაჟორიტარული ოლქი  გვექნება. ასეთი რამ შევარდნაძეს არ გაუკეთებია მაჟორიტარული ოლქებისთვის. თბილისში მაშინაც კი 10 მაჟორიტარული ოლქი იყო. ისენი ფიქრობენ, რომ ამ სისულელეს ვინმე  დასთანხმდება. გამორიცხულია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ინიციატივა, რომ 40%-ის მქონე ან უფრო ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს, ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა და ახლა მათგან ამის უარყოფა უცნაურია.

“მედიაში ვხედავთ ოპოზიციის ერთეული წევრების მხრიდან გარკვეულ სპეკულაციებს. მათ სურთ, თავი ყველაზე ძლიერებად და პირველებად წარმოაჩინონ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც ამ მოლაპარაკებების პერიოდში გვქონდა, რადგან დეტალებზე ოფიციალურად არ ვსაუბრობთ შემდეგი დიალოგის დანიშვნამდე. იმის მცდელობა, რომ თითქოს დღეს 40%-იანი პრინციპი მათთვის მიუღებელია, ესეც სპეკულაციაა, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40%-იანი ბარიერის დაწესებას. ეს არა ჩვენი შეთავაზება, არამედ ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით ვინმემ ამ ქვეყანაში მთავრობა უნდა დააკომპლექტოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი