ახალი ამბები

უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო უნდა იყოს ხმების 40%-ზე მეტი და მაჟორიტარების უმრავლესობა – ბოკერია

10 თებერვალი, 2020 • 1424
უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო უნდა იყოს ხმების 40%-ზე მეტი და მაჟორიტარების უმრავლესობა – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საკითხი განიხლა იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი, შერეული მოდელით ჩატარდება:

“პირველი, რაზეც შევჯერდით, დავიწყეთ კონსულტაციები ცუდი სცენარის შემთხვევაში თბილისში მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტით ბრძოლას მშვიდობიანად. ქვეყნის შიგნით და გარეთაც გრძელდება ძალიან მყარი წნეხი ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ კომპრომისი იყოს საარჩევნო სისტემაზე. ისინი იმეორებენ, რომ არაფერს არ დათმობენ, თებერვალში მორჩება მოლაპარაკებებიო. რადგან ასე ლაპარაკობენ და რადგან ვერაფერს გამოვრიცხავთ, უკვე დავიწყეთ თბილისის მაჟორიტარებზე კონსულტაციების აქტიური ფაზა”, – ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, ამასთან, ოპოზიციას “ევროპულმა საქართველომ” შესთავაზა მოდელი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად შერეული სისტემის პირობებში პარტიას 40 პროცენტზე არსებითად მეტი მხარდაჭერა დასჭირდება. ბოკერია აღნიშნავს, რომ ამ შეთავაზებით, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 20-მდე მცირდება, პროპორციული მანდატები კი 130-მდე იზრდება:

“ჩვენ, “ევროპულმა საქართველომ”, დავსვით საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ საერთო სულისკვეთებაა, რომ გამოსავლის პოვნა გვინდა, ოღონდ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. კიდევ ერთ კომპრომისულ წინადადებას ვთავაზობთ ოპოზიციას ხელისუფლებისთვის შესათავაზებლად. ნაცვლად ხელისუფლების სურვილისა, რომლის მიხედვითაც, მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით უნდათ პირველ ადგილზე გასვლა, ჩვენ ვთავაზობთ მყარ პრინციპს – პარტიას უნდა ჰქონდეს არსებითი უპირატესობა, რაც ნიშნავს ხმების 40%-ზე მეტისა და მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოგებას – სწორედ ამ შემთხვევაში ექნება უმრავლესობის შექმნის შანსი”, – ამბობს ბოკერია.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, ამ შეთავაზებამდე საერთშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ მივიდნენ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული მოდელით უნდა ჩატარდეს, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი