ახალი ამბები

“ოცნება” 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე თანახმაა – მდინარაძე

27 თებერვალი, 2020 • 2153
“ოცნება” 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე თანახმაა – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა “მოხსნას წუხილი” იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ესწრებოდა დღეს ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრას, რომელზეც ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, თუმცა შეხვედრის შინაარსის შესახებ ინფორმირებულია.

“ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე – 110/40-ზე, 100/50-ზე და ა.შ. – საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგად პრინციპებზე საუბარი იყო. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება” მზად არის, მოვხსნათ ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს. რასაც ისინი ამბობენ, თუ გამარჯვებულ გუნდს არ ექნება მინიმუმ 40%-ზე მაღალი შედეგი არჩევნებში, მაშინ შესაბამისი მექანიზმის (რაზეც შევთანხმდებით) მიხედვით, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, ანუ არ ექნება 75 მანდატზე მეტი. ეს არის მთავარი პრინციპი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პასუხისმგებლოა უნდა გამოიჩინონ და ასეთ შემთხვევაში, რადგან ეს პრინციპი ყველასთვის მისაღებია, შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმებაც შედგება.

“ცალკე აღებულ 110/40-ზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან თუ დამატებითი კომპონენტები არ იქნა, არც 110/40 და არც ცოტა მეტი ან ნაკლები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციული სიით გასული დეპუტატი არ გულისხმობს მყარ გარანტიებს 40-პროცენტიან ზღვართან დაკავშირებით. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვთანხმდებით პრინციპზე, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი არის დეტალები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ჯერ კიდევ გიგი უგულავას პატიმრობამდე გაახმოვანა პრინციპი, რომლის თანახმადაც მთავრობის დასაკომპლექტებლად პარტიას უნდა ჰქონდეს არსებითი უპირატესობა, რაც ნიშნავს ხმების 40%-ზე მეტს და მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოგებას. გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დაილოგზე უარი განაცხადა, თუმცა ელჩების ორგანიზებით არაფორმალური შეხვედრები გრძელდება. დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეს ევროკავშირის ელჩის ფასილიტაციის გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლებამ ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის ახალი თანაფარდობა შესთავაზა 110/40-ზე. თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ ყოფილა საარჩევნო დიალოგის ფორმატი და შესაბამისად, არანაირ შეთავაზება არ ყოფილა, უბრალოდ საუბარი შეეხო სხვადასხვა პრინციპზე.

“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი