ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადაიდო

29 თებერვალი, 2020 • 1536
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადაიდო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადაიდო. თსუ-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სწავლის გადადება კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებს უკავშირდება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ეფუძნება.

“ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 16 მარტს დაიწყება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში ხვალიდან სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება,” – აცხადებენ თსუ-ში.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი ლაბორატორიულად 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 40 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 3 ათასამდე კი დაიღუპა. შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მცირდება. თუმცა, ახალი ფაქტები სულ უფრო მეტად ფიქსირდება იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

29 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი