ახალი ამბები

OneRepublic საქართველოში ჩამოდის, ბილეთები 80-300 ლარი ღირს

28 თებერვალი, 2020 • 2449
OneRepublic საქართველოში ჩამოდის, ბილეთები 80-300 ლარი ღირს

ცნობილი ამერიკული პოპ ბენდი OneRepublic წელს საქართველოში ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას გეგმავს. ბილეთების ფასი 80-დან 300 ლარამდე მერყეობს.

კონცერტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა „ბლექ სი არენას“ ფეისბუკის ოფიციალურმა გვერდმა. ბენდი სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის.

კონცერტი 2020 წლის 10 ოქტომბერსაა ჩანიშნული „ბლექ სი არენაზე“ (ეს საკონცერტო სივრცე შეკვეთილში მდებარეობს).

ბილეთების გაყიდვა 6 მარტიდან დაიწყება საიტზე bsa.ge.

გთავაზობთ კონცერტის ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ანოტაციას ბენდის შესახებ:

„One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 და Leona Lewis-ის დისკოგრაფიაში მოხვდა. ამის მიუხედავად, One Republic წარმატებული სვლა არ შენელებულა, პირიქით, 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა, რომელიც კომპოზიციებს All the Right Moves, Secrets და Good Life შეიცავს.

ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა.

One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea Arena-ს კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე One Republic როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი