ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძეს შესაძლოა, სასჯელი გადაუვადონ

26 თებერვალი, 2020 • 1732
დეკანოზ მამალაძეს შესაძლოა, სასჯელი გადაუვადონ

ხვალ, 27 თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა.

“გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა, რამდენადაც იგი 24-საათიანი აუდიო-ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება”, – წერს EMC.

EMC-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამი ექსპერტიზით დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა, ხოლო საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, დაინვალიდების სერიოზული რისკი არსებობს.

“ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს განიცადა პოლიტრამვა, რომელიც ვერ იქნა დროულად ამოცნობილი და საბოლოოდ გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. დეკანოზის დაკავების, მისი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების პროცესი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების უხეში დარღვევისა და კლერიკალური და პოლიტიკური აქტორებისგან საინფორმაციო ზეწოლისა და შევიწროების ფონზე მიმდინარეობდა, მას უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში აყენებდა და დაუცველობის ღრმა განცდას უჩენდა. შესაბამისად, სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგოლომაში EMC ასაბუთებს სტრესისგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში დეკანოზის გადაყვანის მნიშვნელობას, რაც ფსიქოსომატური დაავადების მიზეზის შეცვლისა და მისთვის ადეკვატური და კომპლექსური მკურნალობის მიღების შესაძლებლობას შექმნის”, – აცხადებს EMC.

EMC საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი