თბილისი 2015-ის გახნის ცერემონიალი 20:15 საათზე დაიწყო. ფესტივალის შესავალი ნაწილი მუსიკალური ბენდებისა და დრამერების შესრულებით, მხატვრული კი არგონავტების მითით გაიხსნა. მედეას როლს განასახიერებდა ქართველი პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე. ქართული ფოლკროლის ელემენტებით იყო წარმოდგენილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლები, რომლებიც საქართველოს რეგიონებს განასახიერებდნენ.
მას შემდეგ, რაც სტადიონზე საქართველოს რუკის კონტურები მხატვრული შესრულებით გამოიკვეთა, საოპერო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ეროვნული ჰიმნი შეასრულა, რომლის პარალელურად დროშების აღმართვა მიმდინარეობდა. ამას მოჰყვა ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების აღლუმი, რომელიც ტრადიციულად საბერძნეთის დელეგაციამ გახსნა. ათლეტთა აღლუმი კი მასპინძელი ქვეყნის, საქართველოს სპორტსმენებმა დაასრულეს.
აღლუმის შემდეგ მაყურებელს სიტყვით მიმართეს თბილისი 2015-ის თავჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა პატრიკ ჰიკმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.
სტადიონზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, ლევან თედიაშვილმა, ვახტანგ ბლაგიძემ, ვაჟა კაჭარავამ, რომან რურუამ და რაფაელ ჩიმიკაშვილმა შემოიტანეს.
დროშის აღმართვის შემდეგ ათლეტების სახელით ფიცი ხელბურთელმა გიგა ზარნაძემ, მწვრთნელების სახელით დავით კვერნაძემ, ხოლო მსაჯების სახელით ყოფილმა ტანმოვარჯიშემ რუსუდან სიხარულიძემ დადეს.
ფიცის დადების შემდეგ მხატვრული შოუ რენესანსის ეპოქის ილუსტრაციებით გაგრძელდა, რომელსაც ასურელი მოცეკვავის გამოსვლა, საჰაერო შოუ მოჰყვა. გახსნით ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა პიანისტებმა: ირმა გიგანმა, გიორგი საჯაიამ, თედო დიაკონიძემ და ლექსო პირმისაშვილმა. მუსიკოსებმა ოთხ როიალზე რევაზ ლაღიძის ”საჭიდაო” შეასრულეს.
პარალელურად ოლიმპიური ცეცხლის სტადიონზე შემოსვლის პროცესს ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებელი თვალს სტადიონზე დამონტაჟებულ ტაბლოზე ადევნებდა. დეკორატიული მთიდან გამოსულმა ჰელიოსფეროზე დაკიდებულმა საჰაერო აკრობატმა ოლიმპიური ცეცხლი ოლიმპიურ ჩემპიონს გელა კეტაშვილს გადასცა.
ოლიმპიური ფესტივალის გახსნითი ცერემონია მაკა ზამბახიძემ, რატი დურგლიშვილმა და ნუცა ბუზალაძემ დახურეს. მომღერლებმა სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი ჰიმნი შეასრულეს. ამის პარალელურად, უკანასკნელმა მეჩირაღდნემ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტის ამჟამინდელმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა ფესტივალის მთავარი სიმბოლო, ოლიმპიური ცეცხლი აანთო.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ფოიერვერკის გაშვების შემდეგ ლოკომოტივის სტადიონის ტრიბუნების ნაწილს ცეცხლი წაეკიდა, თუმცა მისი ჩაქრობა დროულად მოხერხდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, 27 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე 14-18 წლის სპორტსმენი ერთმანეთს შეეჯიბრება სპორტის 9 სახეობაში, ესენია: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.
თბილისში ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება 2010 წლის 27 ნოემბერს გადაწყდა, როცა ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც კონტინენტის 50 ქვეყნის ეოკ-თან ერთად საქართველოც მონაწილეობდა.
თბილისი თუ ჩეხეთის ქალაქი ბრნო? ასამბლეაზე ევროპის ოლიმპიურ ოჯახს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამ ორი კანდიდატიდან რომელი ქალაქისთვის მიენიჭებინა 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება. ფარული კენჭისყრის შედეგად თბილისმა კონკურენტს ხუთი ხმით აჯობა (26-21).
თბილისი 2015-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტოები: