ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა პრობლემურია – EMC

25 თებერვალი, 2020 • 1667
მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა პრობლემურია – EMC

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს და საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიუთითებს გამოძიების არაეფექტიანობის, ასევე, გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობლისა და პოლიტიზების პრობლემაზე.

გამოკითხულმა პირებმა EMC-ის მიუთითეს, რომ სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა არ ყოფილა შედგენილი და მონაწილე პირები მხოლოდ ზეპირი კონსულტაციებით შემოიფარგლნენ. სამართლებრივ პრობლემად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ სპეცოპერაცია შეიარაღებული ან სხვა სახის წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაციის და რისკების მოძიების, შეგროვებისა და გადამოწმების გარეშე ჩატარდა, მაშინ როცა “სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ” კანონით პირდაპირ დადგენილია, რომ სუს-ის თანამშრომლის მხრიდან ლეტალური ძალის გამოყენებისთანავე უნდა მომზადდეს სპეციალური წერილობითი ანგარიში, რომელიც უნდა წარედგინოს პროკურორს.

“დასაკავებელი პირების, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობის თაობაზე კონკრეტული და ხელშესახები ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა და საგამოძიებო მოქმედებაში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ ბერი სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული აბსტრაქტული საფრთხის გათვალისწინებით”, – წერს EMC.

მიმდინარე წლის 25 იანვარს თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე ორწლიანი გამოძიება შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. პროკურატურამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა, შეეცადა მის გააქტიურებას, რამაც განაპირობა გასროლა მისი მისამართით.

ხელყუმბარის შესახებ ინფორმაცია არსებითად ემყარება სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის განმარტებებს, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და ჩხრეკის ოქმს, თუმცა, EMC-ის შეფასებით, მხოლოდ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული დასკვნა ეწინააღმდეგება საქმეში სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით დადგენილ გარემოებებს, რომლებიც სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის განმარტებების საპირისპიროა და სპეცრაზმელის ჩვენების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად:

სპეცრაზმელის განმარტებით, მან დაინახა, რომ თემირლან  მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში შუქი ენთო, კარის სახელი მოსინჯა ხელით, ნახა, რომ არ იყო დაკეტილი ამიტომ ისე ნელა შეაღო, რომ შეღების ხმას  მაჩალიკაშვილის ოჯახის წვერები ვერ გაიგონებდნენ. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი , თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახის კარზე არსებულ საკეტზე აღმოჩენილია ტეხვითი კვალი, ხოლო ჭანჭიკებზე აღმოჩენილია მექანიკური დაზიანების კვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახის კარი შეამტვრია, რაც ნელა, უხმაუროდ შეღების ფაქტს გამორიცხავს და ადასტურებს ოჯახის წევრების მითითებას, რომ მათ კარის შემტვრევის ხმა გაიგეს, რასაც მყისიერად მოჰყვა გასროლის ხმა.

სპეცრაზმელის განმარტებით, კარის გაღების შემდგომ ოთახის შიდა მიმართულებით გადადგა ორი ნაბიჯი და შევიდა ოთახში, მხოლოდ ამის შემდგომ დაინახა თემირლან მაჩალიკაშვილი. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გასროლა შესასვლელი კარის ცენტრალური წერტილიდან განხორციელდა. EMC მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახის პერიმეტრების გათვალისწინებით შესასვლელი კარიდან საწოლამდე იმდენად მცირე მანძილია, რომ ორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში სპეცრაზმელი თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლთან აღმოჩნდებოდა და ახლო მანძილიდან განახორციელებდა სროლას. თუმცა ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ახლო მანძილისთვის დამახასიათებელი სროლის კვალი არ აღინიშნებოდა. სპეცრაზმელის ვერსიითვე ირკვევა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში შესვლის შემდგომ მან ჯერ მოუწოდა თემირლან მაჩალიკაშვილს, ეჩვენებინა მისთვის ხელები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა, მოახდინა გასროლა. გასროლის დროსთან დაკავშირებით თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი, მისი და, ნატა მაჩალიკაშვილი უთითებს, რომ გაიგეს კარის შემტვრევის ხმა, რასაც მომენტალურად მოჰყვა გასროლის ხმა.

“შვილის ოთახში შესულ მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა იატაკზე ფალია მოხსნილი დახვდა, თუმცა საკითხავი სწორედ ის იყო, როგორ მოხვდა ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში და ოჯახის წევრების, ფაქტობრივად, სამსაათიანი გამოკეტვა სხვადასხვა ოთახში. თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში მხოლოდ სპეცრაზმელების გადაადგილების ფაქტი პროკურატურისთვის სპეცრაზმელის განმარტებებში ეჭვის შეტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო, რამდენადაც აშკარა იყო მტკიცებულების ფალსიფიცირების შესაძლებლობა. საძინებელი ოთახის სამსაათიანი ერთპიროვნული კონტროლის პირობებში ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის გადატანა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა, მით უფრო, რომ მედიაში გავრცელებული ფოტოებიც ცხადყოფს თ. მაჩალიკაშვილის ოთახში მისი სისხლის უამრავი კვალის არსებობას. თუმცა გასათვალისწინებლია, რომ ექსპერტიზამ ვერ შეძლო აღმოეჩინა თ.მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი ხელყუმბარის ამფეთქ ფალიაზე. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში ნათლად არის მითითებული, რომ ხელყუმბარაზე არსებული თითის ანაბეჭდები არ იყო ვარგისი იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ამფეთქ ფალიაზე საერთოდ არ აღმოჩნდა ანაბეჭდი”, – ნათქვამია ანგარიშში.

სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი და სხვა პირები კატეგორიულად უარყოფენ თ. მაჩალიკაშვილის საწოლში ყურსასმენის არსებობას, მათ ასევე კატეგორიულად უარყვეს, რომ თ. მაჩალიკაშვილის საწოლზე იდო ელექტროლეიბი. თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებულ ფოტოებზე გარკვევით ჩანს ელექტროლეიბის კაბელი. EMC მიუთითებს, რომ ტელეფონზეც გასროლის შემდგომ შეუცვალეს ადგილი. ამ მოსაზრებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ მაჩალიკაშვილის ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში 03:39 წუთზე ფიქსირდება, რაც ოპერაციის დაწყების დროს ემთხვევა, შესაბამისად, EMC-ის თქმით,  არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თ. მაჩალიკაშვილს ხელში ეჭირა მობილური ტელეფონი და მისი გადატანა მოგვიანებით სპეცრაზმელებმა მოახდინეს.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში გამოვლენილ პროცესუალურ ხარვეზებს, EMC აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზანი არ გააჩნდა, რაზეც მიუთითებდა გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები:

  • სუს-მა დაარღვია ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი და თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მისმა და არა პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს, რითაც ამ მტკიცებულებების ნამდვილობა და სანდობაა ეჭვქვეშ დადგა და მთლიანად გამოძიების პროცესის მიმართ ნდობა შეასუსტა და ფორმალური გახადა.
  • თბილისის პროკურატურამ სუს-ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგები დაგვიანებით, მხოლოდ 2018 წლის 8 თებერვალს გამოითხოვა – ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოასწრო აეფეთქებინა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან თითქოსდა ამოღებული ხელყუმბარა. შემდგომში შეუძლებელი გახდა ალტერნატიული საექსპერტო კვლევების ჩატარება
  • თბილისის პროკურატურამ დაგვიანებით გამოკითხა სროლის განმახორციელებელი და სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირები;
  • თბილისის პროკურატურა თითქმის ორი წლის მანძილზე არ აძლევდა თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს სროლის განმახორციელებელი და სხვა პირების გამოკითხვის ოქმებზე წვდომის შესაძლებლობას – გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიხედვით აღნიშნული შეზღუდვის მიზანი სპეცრაზმელის უსაფრთხოება იყო.
  • თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფო დახმარება დაგვიანებით გამოიძახეს – საგამოძიებო მოქმედებებით და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით 20 წუთის შემდგომ გამოიძახეს და ამის შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა ქირურგიულად იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ კვალი წაიშალა და შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა.

“საგამოძიებო ორგანო მხოლოდ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის განმარტებებს არ უნდა დაყრდნობოდა, რამდენადაც სპეცრაზმელის განმარტებებსა და ექსპერტიზით დადგენილ გარემოებებს შორის ფუნდამენტური შეუსაბამობები არსებობს, რაც, ბუნებრივია, პროკურატურისთვის სპეცრაზმელის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო. როდესაც მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველებმა სპეცრაზმელის ჩვენების ვალიდურობა ეჭვქვეშ დააყენეს, EMC-ის ცნობით, საგამოძიებო ორგანომ ფორმალური გამოკითხვები ჩაატარა, საქმისათვის მნიშვნელოვანი კითხვები კვლავ არ დაუსვა სპეცრაზმელს, უარი თქვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე და მოულოდნელად შეწყვიტა გამოძიება.

EMC-ის შეფასებით, ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებული, პრობლემურია და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამოვლინებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი