ახალი ამბები

ერთი თვე კარანტინში – ირმა დიმიტრაძის წერილი ჩინეთიდან 

24 თებერვალი, 2020 • 4428
ერთი თვე კარანტინში – ირმა დიმიტრაძის წერილი ჩინეთიდან 

ზუსტად ერთი თვის წინ, 24 იანვარს ვიყავი გარეთ და საახალწლო შვებულების პერიოდში უამრავი ადგილის მონახულებას ვგეგმავდი. ჩინური ახალი წლის საღამო იყო. სადღესასწაულო საოჯახო სადილს დავესწარი და საფლავების მონახულებისა და მიცვალებულთა სულებისათვის “ფულის გაგზავნის” რიტუალში მივიღე მონაწილეობა. რიტუალი საკმაოდ დაცლილი იყო რელიგიური გრძნობებისგან და მხოლოდ კულტურულ-ტრადიციულ დატვირთვას ატარებდა, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი გამოდგა. 

ახლა ვერ ვიხსენებ, რატომ არ გავედი გარეთ მეორე დღეს, მაგრამ 26 იანვარს  უკვე საგანგებო მდგონარეობა გამოცხადდა. თავიდან ყველაფერი საკმაოდ მსუბუქად დაიწყო. ისედაც არდადეგები იყო, დიდად ვერ ვიგრძენით. ჩვენს  ქალაქში ვირუსის შემთხვევა ჯერ კიდევ არ იყო დაფიქსირებული და მშვიდად ვიყავთ. აკრძალვითაც არაფერი აუკრძალავთ, მხოლოდ მოგვიწოდეს, შინ დავრჩენილიყავით და გარეთ გასვლის შემთხვევაში პირბადე გვეტარებინა. ეზოს ჭიშკრების ელექტრონული გასაღებებიც ჩვეულებრივ მუშაობდა… მახსოვს, მაღაზიაში ჩავედი წვენისთვის. 

27-ში უკვე პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველაფერი წამიერად შეიცვალა. ორგანიზებულად დაიგზავნა ბრძანებები და განკარგულებები, ჩაკეტეს დამატებითი ჭიშკრები, მაღაზიებში და აფთიაქებში გამოაკრეს გაფრთხილება უპირბადოდ არდაშვების შესახებ. მაღაზიაში დილის 10 საათზე ჩასულ ლინს (გოგო, ვისთან ერთადაც ვცხოვრობ), უამრავი ადამიანი დახვდა, შეშინებული  მიგზავნიდა დაცარიელებული დახლების და ნახევარფაბრიკატებით დატვირთული ურიკების მოკლე ვიდეოებს. აფთიაქში სპირტი და პირბადე აღარ იშოვებოდა. სახლში რომ ამოვიდა, მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა “მკვდრის ფერი ადევს”. საკმაოდ შევშინდით. მეგობრები და ახლობლები უკვე მწერდნენ საქართველოდან. საბედნიეროდ, “ერთმანეთის მშვიდებაში თავი შემოგვემშვიდა”.

მესამე დღეს სიტუაცია გამოსწორდა, მარაგები შეივსო და მაღაზია უკვე ძველებურად გამოიყურებოდა, მაგრამ ქალაქი და უბანი უცბად დაცარიელდა და საშინელებათა ფილმების საუნდტრეკი დაედო ფონად.

იმ დღეებში პოსტიც დავწერე და გაზეთ “ბათუმელებს” ინტერვიუც მივეცი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მახსოვს, რას ვლაპარაკობდი და ვეუბნებოდი ადამიანებს. მხოლოდ ის მახსოვს, როცა საინკუბაციო პერიოდზე გავიგე, არაადეკვატურად მეცინებოდა. სასაცილოდ არ მქონდა საქმე, ეს ნიშნავდა, რომ ინფიცირებიდან 12 დღე, შესაძლოა, არ გამოვლინდეს სიმპტომი, ან არ გამოჩნდეს ანალიზში. ანუ შესაძლო იყო, უკვე ინფიცირებული ვყოფილიყავი, მაგრამ არ მცოდნოდა. არ ვიცი, თუ გამოგიცდიათ, გასვნებაზე ან პანაშვიდზე რომ მიდიხარ და სასაცილო არაფერია, მაგრამ მაინცდამაინც კიბეებზე გიტყდება არადეკვატური სიცილი… ეგ ამბავი მჭირდა – ვკითხულობდი ნიუსებს, ვესაუბრებოდი მეგობრებს და მეცინებოდა. 

შემდეგ დღეებში გამკაცრდა წესებიც, მთავარი ჭიშკრის ელექტრონული საკეტი დაბლოკეს და მხოლოდ დაცვას შეეძლო გაღება. აკრძალეს უცხო პირების (მეგობრებს, ნათესავებს, სტუმრებს) შემოსვლა (საუბარია ეზოზე, სადაც ოთხი 33- სართულიანი კორპუსი დგას), გასვლისას და შემოსვლისას სიცხის გაზომვა, სიცხის გაზომვა ყველა დაწესებულების შესასვლეში, მოგვიანებით აკრძალეს ერთი ბინიდან ორი პირის ერთდროულად გარეთ გასვლა, ბოლო რეგულაცია შეეხო ჭიშკრის დაკეტვას შუადღის 12 საათის შემდგომ. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოექცა თითქმის ისეთივე რეგულაციების ქვეშ, რაც კარანტინის ზონაში, უჰანში იყო. ჩვენს ქალაქში, რეგულაციები ცოტა უფრო მკაცრიც აღმოჩნდა, როგორც შედარებით პატარა (უჰანი – 11 მილიონი მოქალაქე; ანიანგი – 5 მილიონი) ქალაქს, უფრო მეტად ეშინოდა და უფრო მკაცრ ზომებს იღებდა.  

მოკლედ რომ გითხრათ, პირველი ორი კვირა ემოციურად განსაკუთრებით მძიმე იყო და, სხვათა შორის, შიშის გამო ნაკლებად. ადამიანებს, ვინც მაგ დღეებში დამირეკა ან მომწერა და მელაპარაკებოდა, წარმოდგენა არ აქვთ, რამხელა დახმარებას მიწევდნენ, ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება არცერთი მათგანი. მიუხედავად იმისა, რაზე ველაპარაკებოდი და რას ვცვლიდით ერთმანეთში. ის, რომ მელაპარაკებოდნენ, მეხმარებოდა ყურადღების გადატაში, თუნდაც ისევ ვირუსზე საუბარი, აი, ეს მშველოდა: ნაციონალიზება, მოყოლა, დიალოგი. ამ დღეებში მივხვდი, რატომ არის ციხეში მნიშვნელოვანი, პატიმარს ჰყავდეს თანამესაკნე და რატომ არის მარტო გამოკეტვა უმკაცრესი სასჯელი. 

ნერვიულობის ფონზე სიცხემაც წამოგვიწია და ბოლოს მაგან გაგვაჩერა. ანუ მივხვდით, რომ მორჩა, არც ისე კარგად გვყავს თავი ხელში აყვანილი, როგორც გვგონია, და დროა თავს შემოვუძახოთ. ამ დღიდან შევამცირეთ ახალი ამბების შემოწმება, მხოლოდ იმ ინფორმაციას ვიღებდით, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება გვიგზავნიდა ყოველდღიურად. დავიწყეთ ონლაინ მუშაობისთვის ტექნიკის და აპლიკაციის გამართვა და მესამე კვირის ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ახალ ცხოვრებას ისე შევეჩვიეთ, დისკომფორტსაც აღარ ვგრძნობდით. მივხვდი, ადამიანს შეუძლია ყველაფერს შეეგუოს – ომსაც, ეპიდემიასაც, საგანგებო მდგომარეობასაც, საერთოდ ყველაფერთან შეუძლია ადაპტაცია. 

ამასობაში მდგომარეობაც თითქოს დასტაბილურდა – საკურიერო მომსახურება და ონლაინ ვაჭრობაც ნელ-ნელა გაიმართა. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივთან შედარებით ქვეყანა შენელებულია… ინტერნეტს რომ შევადაროთ, წარმოიდგინეთ, რომ აქამდე 5G იყო და ახლა 2G-ზე გადავედით. 

ამინდი გაუმჯობესდა, მზე უფრო მეტად ანათებს და განწყობებიც უფრო პოზიტიურია. ახლა იმ ეტაპზე ვართ, ახალი შემთხვევების ზრდის ტემპი რომ იკლებს და გარდაცვლილთა რაოდენობის ტემპი იმატებს… ვცდილობთ გავუძლოთ – ფინანსურად, ემოციურად, ფიზიკურად, სანამ ანტივირუსს შემოგვაშველებენ მეცნიერები. გაზაფხული უნდა გადავიტანოთ, მაისიდან ტემპერატურა აიწევს და ბუნებრივი პირობებიც ჩვენ მხარეს გადმოვა. ასე ვმსჯელობთ დღეს ჩინეთში. პირველ პირში, ყველა ერთ მხარეს. მანამდე სოციალურ ქსელში ვამხნევებთ ერთმანეთს, ვაქვეყნებთ სახუმარო ვიდეოებს, ვასწავლით ახალ რამეებს და ვცდილობთ პოზიტიურად და ნაყოფიერად გამოვიყენოთ დრო. ამ ერთსულოვნების მოვლენაზე ჩემმა ფეისბუქ მეგობარმა დაწერა, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს ასეთი საზოგადოება, მაგრამ ასეთ საზოგადოებას კრიტიკული აზროვნების უნარი არ გააჩნიაო. საწყენი იყო. მაგრამ საერთოდ, ამაზე ბევრად საწყენი რამეებიც იწერებოდა. 

თავიდან ეჭვები იყო გარდაცვლილთა რიცხვის სიმცირეზე – რეალობას არ ასახავსო, დასავლურმა მედიამ გამოცრა ერთი-ორჯერ… მე გეტყვით, რას ამბობდნენ ჩინელები: “გვესმის, რომ სტატისტიკაში არ იქნებიან ჰოსპიტალს გარეთ და საგანგებო მდგომარეობამდე დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანები, სავარაუდოდ, რეალური რაოდენობა ბევრად მეტია, მაგრამ ეს რას ცვლის ამ მომენტში?!”.შეგიძლიათ კრიტიკული აზროვნების უუნარობად ჩაუთვალოთ, კი ბატონო. მაგრამ ფაქტია, ისეთი მდგომარეობის მენეჯმენტი შეძლო მილიარდიანმა ქვეყანამ, რომელზე ფიქრით გამოწვეულ პანიკასაც კი ვერ უმკლავდება ჯეროვნად რიგი ქვეყნებისა. 

აზიური ქვეყნები ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ. საზოგადოებაც ბევრად სოლიდარულია. ან შეიძლება მე მეჩვენება ასე. ერთი კი ფაქტია, ცივილიზებული დასავლეთი ჩაიჭრა ჰუმანურობის ამ გამოცდაში. თუმცა დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, მთელი მსოფლიო გაიმარჯვებს ამ ვირუსთან ბრძოლაში და კარგ გაკვეთილსაც ვისწავლით, ძალიან მინდა ამ ამბებიდან უფრო ადამიანურები გამოვიდეთ. 

მდგომარეობა პანდემიას დღითიდღე ემსგავსება და უკვე მეცნიერებიც საუბრობენ, თუ რამდენად უსუსური და ხან საზიანოც კია  საზღვრების ჩაკეტვა. ამ მდგომაროებაში, როდესაც სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი და ქვეყნები, მიყოლებით ეხვევიან ვირუსში, ჩემი აზრით უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ფრენების გაუქმებით ან/და საზღვრის ჩაკეტვით მოხდენილია პრევენცია და ხალხს შეუძლია მშვიდად გააგრძელოს ძველებურად ცხოვრება. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არის მზადება უარესისთვის და საზოგადოების მობილიზება, რათა ადამიანებმა აიღონ ინდივიდუალური პაუხისმგებლობა და მანამდე მიიღონ უსაფრთხოების ზომები, ვიდრე ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდება ქვეყანაში. 

ხშირად დაიბანეთ და დაბანამდე სახესთან არ მიიტანოთ ხელები, შეეცადეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატაროთ შარფი მაინც (ახვეული ცხვირ-პირზე), რომ თავი დაიცვათ ნებისმიერი ვირუსისგან, არ მიირთვათ უმი ან ნახევრად მომზადებული ხორცი, დაივიწყეთ გადაკოცნა-გადახვევის უზომო და უნორმო  ტრადიცია, თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან (თუ არ არის გადაუდებელი). მგონი, არაფერია ზედმეტად რთული შესასრულებელი, იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზეა საუბარი. არ გაფლანგოთ პირბადეები არაგონივრულად, გამოიყენეთ რაციონალურად და გამოზოგვით. ეს ელემეტარული ზომები შეიძლება იყოს რეალური პრევენცია და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარდა არაფერს განსაკუთრებულს არ მოითხოვს. ის,  რომ ამისკენ არ მოგიწოდებთ ოფიციალური სამსახურები, არ ნიშნავს რომ ზედმეტია. 

ამ დღეებში ბადმინტონის სათამაშოდ ვაპირებთ ეზოში ჩასვლას. გუშინწინ ვუყურებდი ბავშვებს და შემხარბდა. ცოტა უცნაურია, მაგრამ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. მათ, ვინც ახლა აღმოჩნდა ჩემ მდგომარეობაში სამხრეთ კორეაში, იტალიაში ან სხვა ქვეყანაში, მინდა ვურჩიო, რომ ისაუბრონ, შემოქმედებითად დაიხარჯონ, პოზიტიურად განეწყონ და ყველაფერი კარგად იქნება!  

მასალების გადაბეჭდვის წესი