ახალი ამბები

აჭარის ტვ-ის საინფორმაციოს რედაქტორ მაია მერკვილაძეს ნინო ხაჟომია ჩაანაცვლებს

24 თებერვალი, 2020 • 1566
აჭარის ტვ-ის საინფორმაციოს რედაქტორ მაია მერკვილაძეს ნინო ხაჟომია ჩაანაცვლებს

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილესა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორ მაია მერკვილაძეს აღნიშნულ პოზიციაზე რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ჩააანცვლებს.

მაია მერკვილაძე თავის ფესიბუქგვერდზე წერს: „მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად“.

მაია მერკვილაძის შტატი გასულ კვირას პროტესტის ფონზე გააუქმა ახალმა დირაქტორმა გიორგი კოხრეიძემ. ამ შტატის გაუქმებას მაუწყებლის სამი მრჩეველი დასთანხმდა.

„ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ნინო ხაჟომიამ აჭარის ტელევიზიაში დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მან თქვა, რომ „მოემგზავრება ბათუმისკენ და სამ საათში ბათუმში იქნება“.

მაია მერკვილაძის რედაქტორობიდან გათავისუფლებას ასე გამოეხმაურა აჭარის ტელევიზიის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ნათია ზოიძე:

„მაია მერკვილაძეც მოიშორეს საინფორმაციო პოლიტიკის სტაფიდან,ხელისუფლების სპეცოპერაცია დასასრულს უახლოვდება, სუსის აგენტებით გაავსეთ ტელევიზია, ბრავო, ბრავო! მაია მერკვილაძე, რა გითხრა, არც კი ვიცი, ჩვენ კი ვიცოდით, რასაც ვამბობდით, მაგრამ კიდევ არის ხალხი, ალბათ, გარეთ და შიგნით, ვინც გვეტყვის: დადეთ ფაქტები“.

აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორი ნათია კაპანაძე გასული წლის გაზაფხულზე თამამდებობიდან გადააყენეს. მაშინ ნათია კაპანაძემ აღნიშნული ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს დაუკავშირა. მას შემდეგ ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებდა, რომელსაც ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ფუნქციები შეუკვეცა.

ზოიძემ ამის შემდეგ აჭარის მაუწყებელი საერთოდ დატოვა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეზე. მათი აზრით, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს საკვანძო თანამდებობებიდან იმ ადამიანების გაშვებას, რომლებიც ამ ტელეარხის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი