ახალი ამბები

კორონავირუსი არ დაუდასტურდა ირანის 4 მოქალაქეს, რომლებიც „ინფექციურში“ გადაიყვანეს

23 თებერვალი, 2020 • 1137
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ირანის 4 მოქალაქეს, რომლებიც „ინფექციურში“ გადაიყვანეს

ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც გუშინ თეირანიდან ჩამოფრენის შემდეგ მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ისინი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული და კვლევები ჩაუტარდათ, რომელთა პასუხებიც თენგიზ ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ გააცნო ჟურნალისტებს:

„არც ერთ მათგანს პნევმონია არ დაუდასტურდა, აგრეთვე, არ აღმოაჩნდათ გრიპი და სულ ახლახანს მივიღეთ პასუხი ლუგარის ლაბორატორიისგან, რომლის მიხედვითაც, მათ არც ახალი კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდათ“, — თქვა ცერცვაძემ. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

ცერცვაძის თქმითვე, „ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მომატება არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით“, მათ დღის ბოლოს გაწერენ კლინიკიდან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა კიდევ ორ არასრულწლოვანს, რომლებიც ირანის მოქალაქეები იყვნენ და მაღალი სიცხის გამო ინფექციურ საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში იყვნენ მოთავსებულები.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ 22 თებერვალს განაცხადა, რომ ირანის ეპიდსიტუაცია გამოწვევაა საქართველოსთვის, რადგანაც მეზობელი ქვეყანა საქართველოს მსხვილი სავაჭრო და ტურისტული პარტნიორია. ირანში დღეის მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით.

ნახეთ ასევე:

რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ – გახარია კორონავირუსის გამო ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი