ახალი ამბები

”საქართველოს ფოსტის” 100-მდე ყოფილი თანამშრომელი კარვების გაშლას და შიმშილობას აპირებს

22 ივლისი, 2015 • 2343
”საქართველოს ფოსტის” 100-მდე ყოფილი თანამშრომელი კარვების გაშლას და შიმშილობას აპირებს

როგორც “საქართველოს ფოსტის” ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის ყოფილი თანამშრომლები (100-მდე ადამიანი) ქმნიან საორგანიზაციო საბჭოს და დიდი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. კერძოდ, ვაგზლის მოედანზე, „საქართველოს ფოსტის“ ცენტრალური ოფისის წინ გეგმავენ კარვების გაშლას და შიმშილობის აქციის დაწყებას.

 

საორგანიზაციო საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, მარი ხმიადაშვილი აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება სახელმწიფოს საფოსტო ოპერატორში:

 

”ჩვენ უკან დგას არა მარტო სამსახურიდან გაშვებული ადამიანები, არამედ მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ეშინიათ, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ისინი დაკარგავენ დაკავებულ პოზიციას და მათი ოჯახებიც, ისევე როგორც ჩვენი, დარჩებიან შემოსავლის წყაროს გარეშე. ლევან ჩიკვაიძის „საქართველოს ფოსტაში“ გენერალურ დირექტორად მოსვლის შემდეგ უწყებაში დაიწყო მასობრივი გაშვებები პირადი შეხედულების საფუძველზე. ისედაც მძიმე სამუშაო პირობებს, რომელშიც კურიერს უწევს მუშაობა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ დაემატა მათ მიერ შექმნილი დაძაბული გარემო და ფსიქოლოგიური სტრესი, რაც თანამშრომელს იძულებულს ხდიდა, საკუთარი ნებით ეთქვათ უარი სამსახურზე.”

 

მისი თქმით, სამსახურიდან შესვენების დროს, მიმდინარე წლის 7 აპრილს ხელმძღვანელობამ აიძულა ის და მისი ყოფილი თანამშრომლები შეკრებილიყვნენ მუშტაიდის ბაღში და გაეპროტესტებინათ საქ. ფოსტაში შექმნილი სიტუაცია:

 

”ვიმეორებ, შესვენების დროს! შეკრების მიზეზი გახდა ის, რომ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ახალი ხელმძღვანელობა კურიერს დაბალ რანგად აღიქვამდა, რომელთანაც შეხვედრა გენ.დირექტორს „არ ეკადრება“. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთად შევკრებილიყავით და ერთად მოგვეფიქრებინა, რა ფორმით შეიძლებოდა არსებული პრობლემების ხელმძღვანელობამდე მიტანა. ჩვენი შეკრებიდან დაახლოებით ნახევარ საათში „საქართველოს ფოსტის“  გენერალური  დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე  მოვიდა თანმხლებ პირებთან ერთად და შემოგვთავაზა, საქ. ფოსტის ცენტრალური ოფისის სააქტო დარბაზში გადაგვენაცვლა და იქ გვესაუბრა. ამ შეხვედრაზე ჩიკვაიძე შეგვპირდა, რომ ჩვენთან ერთად განხილულ პრობლემებს შეისწავლიდა და დააკმაყოფილებდა. სანაცვლოდ მივიღეთ ჩიკვაიძის მორიგი ტყუილი: მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაპირებებს არ ასრულებს და იქ შეკრებილ დაახლოებით 80 -მდე თანამშრომელს პირად საქმეში გამოგვიცხადა წერილობითი საყვედური. ამას არ დასჯერდა და საკუთარ თანამშრომლებს სასამართლოში გვიჩივის. მე მაინტერესებს – დამსაქმებელმა დასაქმებულს თავისუფალი აზრის ქონისა და გამოხატვისთვის უნდა უჩივლოს სასამართლოში? და ეს ყველაფერი იმ მრავალრიცხოვანი უსამართლობის ფონზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად სჩადიან. გამომდინარე იქიდან, რომ  ვარ მარტოხელა დედა და მყავს 4 წლის შვილი, დამტოვეს შემოსავლის ყოველგარი წყაროს გარეშე, არ ვაპირებ გავჩერდე და უკან დავიხიო.”

 

როგორც მარი ხმიადაშვილი აცხადებს, მათ უკან დგას არა მარტო სამსახურიდან გაშვებული, არამედ „საქართველოს ფოსტაში“ დღესაც მომუშავე თანამშრომელთა მთელი არმია: “ეს არის ათეულობით ადამიანი – დამცირებული, მიწასთან გასწორებული, ღირსებაშელახული, რომელთაც ექცევიან როგორც ნივთებს და რომელთა სიცოცხლეც არაფრად არ უღირთ”.

 

მარი ხმიადაშვილი, ეკატერინე აბრამიშვილი და ნანა სანაია. პრესკონფერენცია ’პრაიმტაიმის’ პრესკლუბში. 22.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
მარი ხმიადაშვილი, ეკატერინე აბრამიშვილი და ნანა სანაია. პრესკონფერენცია ’პრაიმტაიმის’ პრესკლუბში. 22.07.2015. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

ეკატერინე აბრამიშვილი საქართველოს ფოსტის ოფისში საფელდეგერო (საიდუმლო) სამსახურში მუშაობდა. მისი თქმით, ის დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც აპირებს, იმდენად სკანდალურია, რომ მთელ სისტემას თავდაყირა დააყენებს:

 

”მე ხელთ მიჭირავს სკანდალური დოკუმენტი. ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს იურისტებთან, რის შემდეგაც მას გავასაჯაროებ. თავის დაზღვევის მიზნით, ეს დოკუმენტი უკვე გადავეცი ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს. მე ამ ხალხისგან ყველაფერს ველი. დოკუმენტი იმდენად სკანდალურია, რომ მთელ სისტემას თავდაყირა აყენებს.”

 

აბრამიშვილის თქმით, სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მისთვის მიზეზი და საფუძველი დღემდე არავის უთქვამს:

 

“მე წარმოვადგენ „საქართველოს ფოსტის“ საფელდეგერო სამსახურს, რომელიც აწარმოებს საიდუმლო და სრულიად  საიდუმლო კორესპოდენციას. ეს სამსახური ხსენებული უწყების ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო რგოლს წარმოადგენს. აქ გადის ძალოვნებთან, სახელმწიფო უწყებებთან, დიპკორპუსთან და ა.შ. დაკავშირებული მიმოწერები და კორესპონდენციები. ამ სამსახურისთვის თანამშრომლების შერჩევა მთელი რიგი პარამეტრებით ხდება. მაგალითად, სანამ მე მიმიღებდნენ სამსახურში, გადაამოწმეს მშობლები, ნათესავები, ჩემი ქმრის ნათესავები და ა.შ. მომთხოვეს მიმეტანა დოკუმენტაცია ჩემი არანასამართლეობის შესახებ და ასევე ცნობა ნარკოტიკული ექსპერტიზის სამმართველოდან. ერთი სიტყვით, ისტორია უნდა გქონდეს უნაკლო. მით უმეტეს, დაუშვებელია ასეთი სახით შერჩეული თანამშრომლების უმიზეზოდ გაშვება, დაუსაბუთებლად და, რაც მთავარია, ისეთი მორალური და ფინანსური წნეხის ქვეშ, როგორიც ჩემს შემთხვევაში მოხდა. ა.წ. 24 ივნისს ჩემს 5 წლის შვილს გავუკეთე ჰიდრონეფროზის ოპერაცია, რომლის შესახებაც ჩემი სამსახურის უფროსი გიორგი პაპუაშვილი (პარლამენტარ და მსახიობ, ზაზა პაპუაშვილის ძმა) ერთი კვირით ადრე გავაფრთხილე. ოპერაციის შემდგომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის არასტაბილურობის გამო საჭირო გახდა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, რაც სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 ივლისს მე ბავშვთან ერთად ვიმყოფებოდი კლინიკაში, როდესაც მომივიდა შეტყობინება, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ამ დროს ვიმყოფებოდი ბიულეტენზე და ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფს ამ შეტყობინებამ თავზარი დამცა. გამათავისუფლეს სამსახურიდან ისე, რომ ჩემთვის დღემდე მიზეზი და საფუძველი არავის უთქვამს,” – აცხადებს აბრამიშვილი.

 

საქართველოს ფოსტის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი პრობლემები საერთოა და ისინი გააგრძელებენ ბრძოლას სახელმწიფოს საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

 

”მე არ ვარ კურიერი, მაგრამ ჩვენი პრობლემები საერთოა. მე ვუერთდები აქციას და არ დავუშვებ შრომითი ისტორიის ისეთი ადამიანის მიერ ფეხქვეშ გათელვას, როგორიც არის გიორგი პაპუაშვილი. მით უმეტეს, რომ ჩემგან განსხვავებით მისი შრომითი ისტორია „უმწიკვლო“  სულაც არ არის. ამასთანავე, 3 შვილის მამა ათავისუფლებს სამსახურიდან თანამშრომელს იმ დროს, როდესაც 5 წლის შვილის ოპერაციის გამო იმყოფება ბიულეტენზე. თან ისე, რომ არ ეუბნები არც მიზეზს და არც ამის საფუძველს,” – ამბობს ეკატერინე აბრამიშვილი.

 

საქართველოს ფოსტის ყოფილი თანამშრომლების უფლებებს პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, ნანა სანაია იცავს. მისი თქმით, საქართველოს ფოსტის დარღვევებზე საუბარი იყო Human Rights Watch–ის და სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშშიც.

 

“მას შემდეგ, რაც საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორად ბატონი ჩიკვაიძე დაინიშნა, 120 თანამშრომელი გაათავისუფლეს თანამდებობიდან უკანონოდ. სარჩელი არის სასამართლოში შეტანილი. ჯერ სრულად არ არის დასრულებული და 2014 წლის მდგომარეობით, 23 ადამიანი გამართლდა. ამით ფოსტის ბიუჯეტს მიადგა ზარალი, დაახლოებით 400 ათასი ლარის ოდენობით. როგორც ვიცით, საქართველოს ფოსტის 100 %–იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. ანუ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზარალი მიადგა სახელმწიფოს, თუმცა არის კიდევ განაცხადები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ფოსტას მოუწევს ზარალის ანაზღაურება 900 ათას ლარამდე. ფოსტის თანამშრომლების ინტერესებს იცავს პროფკავშირი და ძალიან ბევრი სარჩელია შესული ფოსტის წინააღმდეგ,” – ამბობს ნანა სანაია.

საქართველოს ფოსტაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია, თუმცა დღეს კომენტარი არ გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი