სოფო ქაცარავა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი გახდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქაცარავამ 2019 წლის 16 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.
“დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!” – წერს ქაცარავა პირად ფეისბუკ-გვერდზე.
სოფო ქაცარავა არის იმ 12 დეპუტატს შორის, რომლებმაც უმრავლესობის რიგები პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ დატოვეს.
ამის შემდეგ ქაცარავას ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაუკეთებია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია დაინიშნა, საბერძნეთში კი – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით დონდუა.