ახალი ამბები

სოფო ქაცარავამ უმრავლესობის ყოფილი წევრების შეხვედრა დააანონსა

15 ნოემბერი, 2019 • 1623
სოფო ქაცარავამ უმრავლესობის ყოფილი წევრების შეხვედრა დააანონსა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, სოფო ქაცარავას განცხადებით, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები შეხვედრას დღეს გეგმავენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ქაცარავამ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს:

“დაბრუნებას რაც შეეხება, მე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ” – ამბობს ქაცარავა – “ჩვენ დავილაპარაკებთ დღეს კიდევ ერთხელ მათთან, ვინც დავტოვეთ უმრავლესობა და ასევე, ჩვენს კოლეგებთან,  თუ ამის საჭიროება იქნება.”

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავენ თუ არა ფრაქციის შექმნას, სოფო ქაცარავამ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ კითხვას პასუხს ვერ გასცემს.

სოფო ქაცარავამ და “ქართული ოცნების” 9 წევრმა გუშინ, 14 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. დღეს კი მათ შეუერთდა ფრაქცია “კონსერვატორების” სამი წევრი: ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია.


საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი