საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მიესალმება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა თავად მას ეს გეგმა არ აქვს. მის კომენტარს “პირველი არხი” ავრცელებს.
„მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით.
დღეს პოლიტიკაში ჩართვით არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათასწლეულებისთვის საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აქედან გამომდინარე, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – უთხრა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.