ახალი ამბები

ხიდაშელი: რუსეთი ყოველდღიურად ცდის ჩვენს მოთმინებას

19 ივლისი, 2015 •
ხიდაშელი: რუსეთი ყოველდღიურად ცდის ჩვენს მოთმინებას

“ტრაგიზმი, რაც ვითარდება ჩვენს პირობით, ხელოვნურად დადგმულ, ხელოვნურად გავლებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ბოლო 7 წლის განმავლობაში, ყველას თანაბარი წუხილის საგანია. თუმცა მთავარი ამოცანა ალბათ მაინც იმაში არის, რომ ამ პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ ქვეყანა, პროვოკაციების, რომელსაც რუსულის სახელმწიფო მუდმივად ეწევა ჩვენი ქვეყბის წინააღმდეგ. სხვა არაფერია ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ბანერს დადგამ აქ, თუ სხვაგან დადგამ, არა მგონია, რომ რუსეთის სახელმწიფოსთვის ამას რამე სტრატეგიულ–პოლიტიკური მნიშვნელობა ქონდეს, გარდა იმისა, რომ ისინი ყოველდღიურად ცდიან ჩვენს მოთმინებას და ცდილობენ გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს,”– აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 


11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ახალი ბანერები არ მოიცავდა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიას.

 

14 ივნისს ამ ტერიტორიაზე ჟურნალისტთა ნაწილმა რუსი ჯარისკაცების მიერ აღმართული ბანერი წარწერით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა” მოხსნეს და ხევში გადააგდეს. სოფელ ორჭოსანთან აქცია გაიმართეს 17 ივლისს ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრებმაც, სადაც მათსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი