ახალი ამბები

ბიომრავალფეროვნების კანონზე მუშაობა გაგრძელდება – „მწვანე ალტერნატივა“

18 თებერვალი, 2020 • 2040
ბიომრავალფეროვნების კანონზე მუშაობა გაგრძელდება – „მწვანე ალტერნატივა“

გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის შემდეგ პარლამენტს საკამათო კანონპროექტი არ წარუდგინა, — იუწყება ერთ-ერთი მათგანი, „მწვავე ალტერნატივა“.

„მწვანე ალტერნატივამ“, „საბუკომ“ და „ნაკრესმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს რამდენიმე კვირის წინ მოუწოდეს, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინა პარლამენტისთვის.

მათი განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ კანონპროექტი მრავალ ხარვეზს შეიცავდა და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. დოკუმენტის გასაუმჯობესებლად კი სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“. ამის მიზეზი კი პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება იყო“, — წერს ორგანიზაცია.

„მწვანე ალტერნატივის“ ცნობითვე, გარემოს დაცვის სამინისტრომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები და პროექტის არსებული ვერსიის პარლამენტისთვის წარდგენაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

ამასთან, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელების და დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფების შექმნის პირობა დადო.

„მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც იმის შესახებ, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და რატომ“, — წერს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი