ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებართვა “პანორამა თბილისზე” დახურულად არ გაცემულა

17 ივლისი, 2015 •
ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებართვა “პანორამა თბილისზე” დახურულად არ გაცემულა

ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებას, რომელიც დეპუტატმა “ნეტგაზეთთან” გამოთქვა, რომ წელიწადნახევრის წინ მთავრობამ პანორამა თბილისის” გამო კანონში ცვლილება შეიტანა.

 

“ხაზგასმით  განვმარტავთ: V კლასის ნებართვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გასცემს 2005 წლიდან. ის განმსაზღვრელი მახასიათებლები, რომლითაც “პანორამა თბილისი“ განეკუთვნება V კლასის ობიექტებს, მოქმედებს N57 დადგენილების ამოქმედებიდან, ანუ 2009 წლის 24 მარტიდან. შესაბამისად, არც წელიწადნახევრის წინ და არც ამ პერიოდის შემდეგ მსგავსი ცვლილება N57 დადგენილებაში არ შესულა”, – ამბობს ეკონომიკის სამინისტრო.

 

სამინისტრო განმარტავს, რომ ნებართვები გაიცა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად და მოთხოვნების დაცვით.

 

უწყება აცხადებს, რომ სამშენებლო ობიექტებზე განთავსდა შესაბამისი ბანერები, სადაც მითითებული იყო, რომ დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება,

 

„პანორამა თბილისს“ მიეძღვნა 2015 წლის 14 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „რეალური სივრცე“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრე ელისაშვილმა და ცირა ელისაშვილმა. გადაცემაში სააგენტოს მხრიდან მხარეების ყველა კითხვას გაეცა არგუმენტირებული პასუხი და ასევე განმარტებები გაკეთდა ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, მიაჩნია სამინისტროს.

 

პანორამა თბილისი- სოლოლაკის მაღლობი
პანორამა თბილისი- სოლოლაკის მაღლობი

სამინისტრო აცხადებს, რომ “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე სააგენტოში თებერვლის თვიდან სისტემატურად შედის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, საქართველოს არქიტექტურული ინსტიტუტიდან და სხვა ორგანზიაციებიდან განცხადებები, ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია და ინფორმაციის მომთხოვნებს ეგზავნებათ შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები.

 

სამინისტრო ირწმუნება, რომ ნებართვის გაცემის ყველა სტადიაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მერიამ: სამივე ობიექტზე დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა თბილისის მერიას როგორც პირველ, ისე მეორე სტადიაზე, რაზეც მერიის მხრიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისი პასუხებიც აქვს მიღებული, ხოლო თბილისის საკრებულოს მონაწილეობა სანებართვო პროცედურაში კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „პანორამა თბილისის“ ობიექტებზე გასცა შემდეგი ბრძანებები:

 

1. პირველი ობიექტი – ყოფილი „ცეკავშირის“ შენობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი. ნებართვა გაიცა 2015 წლის 20 აპრილს. განმცხადებელი: შპს  „თბილისი სიტი.“ 

2. მეორე ობიექტი – „სოლოლაკის ბაღები“. ნებართვა გაიცა  2015 წლის 18 მაისს. განმცხადებელი: „სოლოლაკი ჰილზი.“

3. მესამე ობიექტი – სოლოლაკის მაღლობი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი. ნებართვა გაიცა 2015 წლის 8 ივნისს. განმცხადებელი: „სოლოლაკი რაიზი“

მასალების გადაბეჭდვის წესი