ახალი ამბები

ბერუჩაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადადგმულ ყველა ნაბიჯზე რუსეთია პასუხისმგებელი

16 ივლისი, 2015 • 1107
ბერუჩაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადადგმულ ყველა ნაბიჯზე რუსეთია პასუხისმგებელი

ბერუჩაშვილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ფორმატი და ყველა შესაძლო კონტაქტი გამოყენებული იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით; ასევე მათი ამოცანაა, სწორი, დროული ინფორმაცია მიაწოდონ პარტნიორებს.

 

”დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით მინდა განსაკუთრებულად ხაზი გავუსვა, რომ სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას ადგილზე. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერ ბანერი, იმ შინაარსის, რომელიც დგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა ადგილზეც არ უნდა იდგეს ის,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ბერუჩაშვილის თქმით, ემოციები ამ საკითხში არ გამოგვადგება, ეს რთული, ხანგრძლივი პროცესია და მას გადაწყვეტის უნივერსალური რეცეპტი არ აქვს:

 

“მაგრამ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ასევე არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ჩვენ გამოვიწვიოთ პროვოკაცია. ეს იქნება დესტაბილიზაციის მომტანი ქვეყნისთვის, რაც ნამდვილად არ ჭირდება დღეს საქართველოს.”

 

როგორც ბერუჩაშვილი ამბობს, იყო განცხადება ე.წ. ოსეთის ხელისუფლების, რომ ეს იყო მათი სუვერენული გადაწყვეტილება და რუსეთის მხარე არაფერ შუაში არ ყოფილა.

 

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსეთის მხარეს ეკითხება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, შესაბამისად, ამ განცხადებებს არ აქვს არანაირი საფუძველი,” – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

თამარ ბერუჩაშვილი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
თამარ ბერუჩაშვილი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი