ახალი ამბები

წითელუბნის მცხოვრები: ოსმა სამხედროებმა ჟურნალისტების მიერ აღმართული საქართველოს დროშა ჩამოხსნეს

16 ივლისი, 2015 •
წითელუბნის მცხოვრები: ოსმა სამხედროებმა ჟურნალისტების მიერ აღმართული საქართველოს დროშა ჩამოხსნეს

ცეცხლაძის ინფორმაციით,  სოფელ წითელუბნისა და ხურვალეთს შორის, იმ ადგილას, სადაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერი განათავსეს, რომელიც შემდეგ ჟურნალისტებმა მოხსნეს, ოსი სამხედროები დილის 9 საათიდან დგანან. მისი თქმით, ოსი სამხედროები ადგილზე დილით ჩამოვიდნენ, თუმცა მათ მედიის წარმომადგენლების მიერ მოხსნილი ბანერი თავიდან არ განუთავსებიათ. 

 

წითელუბნის მკვიდრი ამბობს, რომ სამხედროებთან ერთად, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევიც იმყოფებოდა. 

 

”ალბათ დაამაგრებენ ისევ იმ ბანერს. მურატ ჯიოევმა თქვა, მავთულხლართებსაც გავავლებთო,” – ამბობს მალხაზ ცეცხლაძე.

 

მისი ცნობით, დღეს დილით ადგილობრივებს პირუტყვი გაყვანილი ჰყავდათ ე.წ. ახალ საოკუპაციო საზღვართან, თუმცა ამის მერე ვეღარ მოახერხებენ საქონლის გაყვანას ამ საძოვრებზე:

 

”რუსი სამხედროები კი არა, ოსები იყვნენ. მხოლოდ მანდ, მაგ ბანერთან არა, დაბლაც იდგნენ კიდევ. დილას მანქანებით იყვნენ ჩამოსულები. ჩემს ძმას ჰყავდა ნახირი გაყვანილი, ჩვენი პოლიციელები შეხვდნენ იქ და დღისით აღარ გაუყვანია. ახლა მანდ ვეღარ გავიყვანთ ნახირს და დავაბამთ სახლში, სხვაგან სად უნდა წავიყვანოთ.”

 

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

სოფელ წითელუბნის მკვიდრი, მალხაზ ცეცხლაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
სოფელ წითელუბნის მკვიდრი, მალხაზ ცეცხლაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი