წერილში საუბარი არ არის უგულავას საკითხზე – ზალკალიანი

“გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე”, – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განაცხადა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

მინისტრის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითზე.

“ძალიან ვაფასებ ორივე მინისტრთან ჩვენს ძალიან კარგ, მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს. ამის დასტურია ჩემი ბოლო შეხვედრები მათთან. ჩვენ სწორედ მათი იმედი გვაქვს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენს შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი და მათი მხრიდან მე მაქვს პოზიტიური გამოხმაურება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ “ეს არის ძალიან კარგი და მხარდამჭერი წერილი, რომელშიც დადასტურებულია საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, რა პროცესებიც ქვეყანაში მიმდინარეობს.  მინისტრის თქმით, წერილში არ არის საუბარი გიგი უგულავას საკითზე.

რაც შეეხება წერილის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივა და წერილი უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

მთავრობამ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი წერილი მიიღო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com