ახალი ამბები

მთავრობამ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი წერილი მიიღო

13 თებერვალი, 2020 •
მთავრობამ საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი წერილი მიიღო

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი გამოუგზავნეს.

დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ წერილი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიმართვა გამოაქვეყნოს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერილობით კომენტარი გაუგზავნა:

“წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აჰყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს”, – ნათქვამია საგარეო უწყების მხრიდან ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილობით კომენტარში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ერთობლივი წერილი ნამდვილად არსებობს, თუმცა მის შინაარსთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვიან.

ჯერჯერობით უცნობია წერილის გამოგზავნის თარიღიც.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციას ელოდება საფრანგეთის საელჩოდანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი