ახალი ამბები

ავთანდილ წერეთელი პროკურატურას სამკურანლოდ ავსტრიაში წასვლის ნებართვას სთხოვს

13 თებერვალი, 2020 •
ავთანდილ წერეთელი პროკურატურას სამკურანლოდ ავსტრიაში წასვლის ნებართვას სთხოვს

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროკურატურას საზღვრის დატოვებისთვის ნებართვას სთხოვს.

მისი ადვოკატის, კახა წერეთლის თქმით, ბრალდებული რომ ნამდვილად სამკურნალოდ მიდის ევროპაში, ამის დასადასტურებლად ავსტრიის ერთ-ერთი კლინიკიდან შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინეს. ადვოკატის განმარტებით, ავთანდილ წერეთელს კარდიოლოგიური პროცედურების ჩატარება სჭირდება:

“ავთანდილ წერეთელს 21 თებერვალს პროცედურები ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში აქვს დანიშნული. [პროკურატურაში] წარმოვადგინეთ კლინიკიდან სათანადო მოსაწვევიც. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად,  დამატებითი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს, რომ პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყანა არ დატოვოს. ჩვენ წარმოვადგინეთ მოთხოვნები სათანადო დოკუმენტების თანხლებით, რათა მას საშუალება მიეცეს, 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამკურნალოდ წავიდეს.”

ავთანდილ წერეთელი, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატოს წერეთლის მამა, კლინიკაში 6 თებერვლის საღამოს გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო გამოიძახა. შვილის ცნობით, ავთო წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

წერეთლისთვის პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს საქმეზე, რასაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან – 2008 წელს ფულის გათეთრების საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი