კომენტარი

„სახიფათო პრეცედენტი“ — ალაფიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განაჩენზე

12 იანვარი, 2022 • 2928
„სახიფათო პრეცედენტი“ — ალაფიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განაჩენზე

„ყველაზე ცუდი და სახიფათო პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის დემოკრატიული, სამართლებრივი სტანდარტებისგან და აქვს დიდი პოლიტიკური შემადგენელი“, — ასე აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 12 იანვარს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი სასჯელისგან გათავისუფლდა.

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საქმეში სასამართლომ ბრალის წაყენებასა და დევნაზე უქსკლუზიური უფლების მქონე ორგანო — პროკურატურა ჩაანაცვლა, რაც კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„ხანდაზმულ საქმეზე გამოძიების დაწყება კანონშეუსაბამოა და აქედან გამომდინარე — პოლიტიკურად მოტივირებული. პროკურატურის მიერ ბრალის გაფორმებას წინ უძღოდა პროცესები ეროვნულ ბანკში, რომელმაც ფინანსური განაჩენი გამოუტანა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. საქმის შეკერვა გაგრძელდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. იმის გამო, რომ ხანდაზმულობის ვადები გასული იყო თაღლითობის მუხლზე, პროკურატურის მიერ მოხდა ფულის გათეთრების ე.წ. მორიგე მუხლის გამოყენება. ეს გამოყენებულ იქნა არა იმიტომ, რომ სამართლებრივი შედეგი დამდგარიყო სწორედ ამ მუხლით, არამედ იმისთვის, რომ დევნის არდაწყების საფუძველი მოსპობილიყო.

[ბრალის დადგენილებაში] პროკურატურამ ნაწილზე თქვა, რომ იცოდა, 2007-08 წლებში ჩადენილი ქმედებები თაღლითობა იყო, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ამ მუხლით ბრალი არ წარვუდგინეთ და არ ვედავებითო. კანონით და კონსტიტუციით ბრალის წარდგენაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას აქვს. სასამართლო აფასებს ამ ქმედების სამართლებრივ შესაბამისობას მტკიცებულებებთან. როდესაც საქმეში დევს ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არ ვედავებიო [თაღლითობაზე] და სასამართლო ამბობს, შენ კი არ ედავები, მაგრამ ეს არისო, კონსტიტუციურობასთნ შესაბამისობის პრობლემა წარმოიშვება. განაჩენს კონსტიტუციურობასთანაც აქვს პრობლემა, სამართლიანი სასამართლოს მუხლით დაცული უფლების ფარგლებში“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ლევან ალაფიშვილმა.

ალაფიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს ჰქონდა კვალიფიკაციის შეცვლის უფლება და ეს იქნება მთავარი არგუმენტი, თუმცა, მანიპულაციური.

“სასამართლოს ჰქონდა კვალიფიკაციის შეცვლის უფლება, მაგრამ არ ჰქონდა უფლება, ჩაენაცვლებინა პროკურატურა. საეჭვოდ რომ დაეტოვებინა პროკურატურას თაღლითობის ნაწილი, გასაგები იქნებოდა, მაგრამ როცა ბრალის წარდგენის ექსკლუზიური უფლების მქონე მხარე ამბობს, ვიცი ამის შესახებ, მაგრამ არ ვედავებიო, სასამართლო  მხარეს არ უნდა ანაცვლებდეს. სასამართლოს ფუნქცია შეჯიბრებითობა და პროცესი ხელმძღვანელობაა. თემიდა თვალაკრული იმიტომ არის, რომ თვითონ მხარე არ არის“, — ამბობს ალაფიშვილი.

მისი აზრით, ამ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოტანილი ერთადერთი სწორი განაჩენი გამამართლებელი იქნებოდა. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ წინასასამრთლო სხდომაზე სასამართლომ სწორედ ფულის გათეთრების მუხლით მიიღო საქმე წარმოებაში.

„წინასასამართლო სხდომის მთავარი ფუნქცია, აღკვეთის საკითხებთან ერთად, არის ის, რომ სასამართლო ალბათობის მაღალი ხარისხით აფასებს, ჩადენილია თუ არა დანაშაული, რაზეც პროკურატურა დავობს. თუკი ეს ასე არ არის, მან უნდა შეწყვიტოს საქმე.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა არათუ ჩატარდა, შეწყვეტის შუამდგომლობაც დააყენა დაცვის მხარემ. სასამართლოს ზუსტად წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა ემსჯელა. რა გამოდის — სამი წლის წინ სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულებს ფულის გათეთრების  ქმედება მაღალი ალბათობით ჩადენილი ჰქონდათ და ახლა თქვა, რომ არა, ეს თაღლითობააო.

ეს ძალიან სახიფათო  პრეცედენტი შეიძლება გახდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევებშიც, თუკი კონკრეტული ინტერესი გაჩნდა, პროკურატურას ექნება საშუალება, რამდენიმე წლის წინ ჩადენილ ქმედებაზე, რომელზეც ყოველგვარი ვადები გასულია და რომელშიც თვითონაც დარწმუნებულია, რომ განაჩენი ვერ დადგება, მიაწებოს ე.წ. მორიგე მუხლი, რომლის ვადა გასული არ არის, საქმე წაიღოს სასამართლოში და მართლმსაჯულების ორგანოს ვადაგასულ დანაშაულზე გააფორმებინოს გამამტყუნებელი განაჩენი“, — აცხადებს ალაფიშვილი.

ლევან ალაფიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენი სასარგებლოა მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძის ოპონენტი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც სასამართლომ „ხელში დააჭერინა ქაღალდი“ მათი ბრალეულობის შესახებ.

„ვულოცავ“ მათ, თუმცა ვუსამძიმრებ ყველას, ვისთვისაც დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სასამართლო მნიშვნელოვანია. თუკი ეს პრეცედენტი ასევე დარჩა და ზემდგომმა სასამართლოებმა არ შეცვალეს, ყველას გვექნება მორიგი ძალიან მძლავრი არგუმენტი და მტკიცებულება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არ არსებობს, დემოკრატია კი სულს ღაფავს“, — დასძენს ლევან ალაფიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი