ახალი ამბები

„გადაწყვეტილებაში იკითხება პოლიტიკური მოტივი“ — TI ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

12 იანვარი, 2022 •
„გადაწყვეტილებაში იკითხება პოლიტიკური მოტივი“ — TI ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ცალსახად პოლიტიკურადაა მოტივირებული და შესაძლოა ემსახურებოდეს, ერთი მხრივ, პოლიტიკური ოპონენტის დასჯასა და დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის შეჩერებას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოწვეული, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი, პოლინ დევიდი, რომლის დასკვნა 2020 წლის 14 მაისს გამოქვეყნდა და სასამართლოს წარედგინა.

დასკვნის მიხედვით, რომელსაც TI იშველიებს, საქმეში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ცნობს საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებდა ფულის გათეთრების ბრალდებას;

TI აღნიშნავს, რომ ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქართველოს პროკურატურას ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის ბრალდების წარდგენა არ შეუძლია, შეუძლებელია სავარაუდო პრედიკატული (წინმსწრები) დანაშაულის დამტკიცება:

„ბრალდების წაყენებისათვის საკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, პროკურატურა ახლა ამას ვერ გააკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრედიკატული დანაშაულის არსებობის შესაბამისი სტანდარტით დამტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია. საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული განაჩენით ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე და მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” ლიდერებისა და კრიტიკული მედიაარხის, „ტვ პირველის” დამფუძვნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი.

მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში.


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ. „ლელოს“ ლიდერები — ხაზარაძე და ჯაფარიძე — გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში შეხვდნენ, ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი, ტელევიზიის ოფისში.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მისი თქმით, სამივე პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს თაღლითობას — ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით — ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

მოსამართლემ ასევე გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი